ადილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმის ფარგლებში, ა(ა)იპ  გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, შექმნა ვებ-გვერდი - www.agrofarm.ge. აღნიშნული ვებ-გვერდი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გლეხებისა და ფერმერებისთვის იქნება პროდუქციის გასაღების მნიშვნელოვანი დამატებითი არხი, ვინაიდან შესაძლებლობას მისცემს, ვებ-გვერდზე უფასოდ განათავსონ ინფორმაცია მათ მიერ წარმოებული პროდუქციის შესახებ და პოტენციურ მომხმარებლებს შესთავაზონ გასაყიდი საქონელი და მომსახურება.

ვებ-გვერდი იქნება როგორც ქართული, ასევე ინგლისური და რუსულენოვანი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გლეხებსა და ფერმერებს საშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად გაზარდონ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხო ქვეყნების ბაზარზეც.

ვებ-გვერდის შექმნის იდეა და ინიციავიტა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკუთვნის, ხოლო ადმინისტრირებას გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო გაუწევს.

 

გორის მუნიციპალიტეტი 2017 წელს შეუერთდა ევროკავშირის ახალ ინიციატივას - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG),“ რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა. გეგმა შემუშავდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პარტნიორობის მიერ, რომელიც თანასწორობის პრინციპის თანახმად, თანაბრად შედგებოდა ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებისაგან. წინამდებარე გეგმის ამოცანაა მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი კეთილდღეობის მიღწევის მხარდამჭერი პრინციპების განსაზღვრა და კონკრეტული საქმიანობების დაგეგმვა. გეგმა წარმოადგენს მოკლე, ლაკონურ დოკუმენტს, რომელიც ორიენტირებულია ეკონომიკის სექტორზე და მოიცავს ორ წლიან სამოქმედო გეგმას.

 „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ არის ევროკავშირის ახალი ინიციატივა, რომლის განხორციელებაც დაიწყო 2017 წლის იანვარში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ინიციატივის უმთავრესი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ადგილობრივ დონეზე. „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნო არის რეგიონში ინიციატივის მთავარი განმახორციელები ორგანო - http://www.m4eg.eu.