ჩითილების გადარგვის დაგვიანების ძირითადი მიზეზები არამდგრადი ამინდების გარდა (საგაზაფხულო ყინვები, დაბალი ტემპერატურა, უხვი ნალექები ღია გრუნტში) არის შემდეგი:

  

ნაადრევი დათესვა – რაც უფრო დიდხანს იმყოფება ჩითილი ოთახში ან სათბურში, მეტი შანსია გადაზრდის. არის ხოლმე ფორს-მაჟორული სიტუაცია. მაგალითად, გახანგრძლივებული გაზაფხულის ყინვები. ყველაფერს ხომ ვერ გააკონტროლებ? ამიტომ უნდა იცოდეთ ზუსტად რამდენი ხანი ჭირდება ჩითილის აღმოცენებას და გამოზრდას, სანამ ღია გრუნტზე ან სათბურში მოხვდება.

პომიდვრის ჩითილების გამოყვანას 60 დღე ჭირდება, წიწაკას – 50-60, კომბოსტოს – 35-55, კიტრს – 25, ბადრიჯანს – 75.

არასწორი ტემპერატურა –  პომიდვრის ჩითილები ძალიან მგრძნობიარეა და მომთხოვნი სითბოს მიმართ. სიცივეში ჭკნება და არ ვითარდება, არც ზედმეტი სითბო უხდება, რადგან სიმაღლეში იზრდება და ენერგიას კარგავს.

დღისით ტემპერატურა უნდა იყოს 22-25 გრადუსი, ღამით კი მინიმუმ – 15-16.

მზის შუქის ნაკლებობა – სინათლის პრობლემა ყველა რეგიონში სხვადასხვანაირადაა. თუ ჩითილებს მზე არ ადგება ხანგრძლივად, ცუდად განვითარდება. ამისთვის კარგი გამოსავალია სპეციალური ნათურები, რომელიც ყველა სპეციალიზებულ მაღაზიაში შეგხვდებათ

წყლის სიჭარბე – დამწყები მებაღეების ტიპიური პრობლემა. ისინი რატომღაც თვლიან, რომ რაც მეტია წყალი, უკეთესია. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია, რადგან ჩითილი გაიზრდება სწრაფად სიმაღლეში, იქნება წვრილი და სუსტი.

დააკვირდით, მიწა რომ გამოშრება, მხოლოდ მაშინ დაუსხით თბილი წყალი სადგამზე. არ გადააჭარბოთ წყლის მიწოდება.

სასუქი – თუ ჩითილები ყოჩაღად არიან, კარგად ვითარდებიან, სასუქი არ უნდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაწოდეთ, თუ სხვა გამოსავალი აღარ არსებობს და ფუჭდება.

როგორ შევანელოთ ჩითილების ზრდა

თუ სხვადასხვა მიზეზის გამო გაჭიანურდა ჩითილის მიწაში გადატანა, რომ არ გადაიზარდოს, შეანელეთ მისი ზრდის ტემპი:

  1. შეამცირეთ მორწყვის სიხშირე
  2. გადარგეთ უფრო დიდ ჭურჭელში
  3. დაუწიეთ ტემპერატურას შენობაში
  4. შეუზღუდეთ მზის შუქი
  5. გამოიყენეთ ზრდის შესანელებელი სპეციალური ხსნარი

როგორ მოვიქცეთ, თუ ჩითილი უკვე გადაიზარდა

თუ დარგვის დრომ დიდი ხანია ჩაიარა და ხელში შეგრჩათ გრძელი, აწოწილი და სუსტი ნერგები, არ ინერვიულოთ. ეცადეთ ფრთხილად მოეპყროთ, რომ მცენარე არ დაისტრესოს.  ჩასარგავი ორმო, ამ შემთხვევაში, უნდა იყოს ჩვეულებრივზე ღრმა.

მოათავსეთ ჩითილი ორმოში დაახლოებით 1/3 ნაწილით მიწაში. რამდენიმე დღეში მიწის ქვეშ მოხვედრილ ღეროზე განვითარდება ახალი ფესვები და მცენარე გამოცოცხლდება.

არ დაგავიწყდეთ ყოველდღე მორწყვა. წამოზრდილი და მოძლიერებული ნერგები ააკარით მყარ საყრდენზე. სულ ეს არის. ამის შემდეგ ჩვეულებრივად განაგრძეთ ზრუნვა ნაყოფის მისაღებად.

 

წყარო : https://oxotv.ge/?p=25143

სტატიის ავტორი დავით ბზიშვილი