სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

ქვეყანაში მებოცვრეობის მასშტაბური განვითარება XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება, როდესაც პირველად იქნა ჩამოყალიბებული ბებნისის, კუმისის, დედოფლის, თეთრიწყაროს, მარტყოფისა და მარაბდის მებოცვრეობის ფერმები.

მოშენებული იყო რუხი გოლიათის, შინშილასა და თეთრი გოლიათის ჯიშის ბოცვრები. 1989 წელს ბოცვრის სულადობამ შეადგინა 350 ათასი.

თუმცა 1990-იანი წლებიდან სრულად განადგურდა მებოცვრეობის მატერიალურ- ტექნიკური ბაზა. ამაჟამად მებოცვრეობა გავრცელებულია საოჯახო მეურნეობებში.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინტენსიურად დაიწყო ამ დარგით ფერმერთა დაინტერესება, ეტაპობრივად იზრდება ხორცის მოთხოვნა სამომხმარებლო ბაზარზე.

დღეისათვის საოჯახო ტიპის ფერმერული მეურნეობა დაახლოებით 1800-მდეა, ხოლო მებოცვრეობის ფერმა _ 10-მდე (2015 წ.). თითოეულ ფერმაში არის არანაკლებ 50-100 დედალი ბოცვერი, 20-მდე მამალი და 200-დან 500-მდე სახორცე მოზარდი.

კურღელი და ბოცვერი

ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ერევათ კურდღელი და ბოცვერი. მიუხედავად მსგავსებისა, ეს ორი ცხოველი მაინც სხვადასხვაა. განსხვავდება მათი ხასიათიც. კურდღელს არ გააჩნია კონკრეტული საცხოვრებელი ტერიტორია, უფრო მომთაბარე ცხოვრებას ეწევა.

ბოცვერი პირიქით _ თხრის სოროს და წლიდან წლამდე ხვეწავს, უმატებს დამატებით სათავსებს, რომ უკეთ მოკალათდეს.

დიდი სხვაობაა მათ გამრავლებაშიც, კურდღლის ბაჭიები გაცილებით დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანები არიან, დაბადებისთანავე დამოუკიდებლად შეუძლიათ კვება. ახალდაბადებული ბოცვერი უფრო უსუსურია და მასზე დედა ბოცვერი ზრუნავს. გარდა ამისა, კურდღლები და ბოცვრები ერთმანეთში არ ჯვარდებიან.

დიეტური ხორცი

მსოფლიოში ყველაზე დიეტურად კურდღლისა და ბოცვრის მებოცვრეობა ხორცი ითვლება. იგი მცირე რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, ვიდრე საქონლის ან ღორის ხორცი, 25მგ- 100გ-ში, და ამასთან, მდიდარია მინერალებით, ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ელემენტებით.

სწორედ ამიტომ ეს პროდუქტი მრავალი დაავადების (გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლოგიური დარღვევების და სხვ.) შემთხვევაში ნებადართულია ავადმყოფებისათვის საკვებად გამოსაყენებლად, ასევე ბოცვრის ხორცი ევროპაში მაღალი პოპულარულობით სარგებლობს ბავშვთა კვებაში. 1 კგ ხორცი შეიცავს 1500 კკალ ენერგიას, 60% წყალს, 20% ცილას, 19% ცხიმს, 1% ნაცარს, მცირე რაოდენობით ქოლესტერინს.

ბოცვრების ბიოლოგიური და ფიზიოლოიური თავისებურებები

ბოცვრები გამოირჩევიან რიგი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით (ნაყოფიერება, სწრაფად მომწიფება, სასქესო ციკლის სეზონურობის არარსებობა და სხვ.), რომელთა ცოდნასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბოცვრების სწორი გამოყენებისა და მათ ორგანიზმში ზოგიერთი პათოლოგიური პროცესის განვითარების გაგებისათვის.

ბოცვრების ნაყოფიერება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია კვებისა და შენახვის თავისებურებებზე, ცხოველის ინდივიდუალურ თვისებებზე, რომლებიც გადაეცემა მემკვიდრეობით, და რამდენადმე ბოცვრის ჯიშზე (მსხვილი ჯიშის ბოცვრები, ჩვეულებრივ, ნაკლებად ნაყოფიერნი არიან).

მდედრები შობენ 6-12, ზოგჯერ 16-19 ბაჭიას ერთ მოგებაზე.

მაკეობის პერიოდი მდედრ ბოცვრებში 30-32 დღეა, ნაყოფების განვითარება მუცლადყოფნისას ხდება ძალიან სწრაფად, მე-13დღეზე შეიძლება მათი მოსინჯვა მუცლის კედლიდან, მე-16 დღეს ნაყოფები მოძრაობას იწყებენ, 30-ე დღისათვის (დაბადების მომენტისათვის) თითოეული ბაჭიის წონა შეადგენს 40-დან 90გ-მდე, მათი რაოდენობის, ჯიშისა და დედის კვების პირობების მიხედვით.

ლაქტაციის პერიოდი მდედრ ბოცვრებში, მათთან ერთად ბაჭიების შენახვისას, გრძელდება ორ თვეზე მეტხანს. ამ დროს გამოყოფილი რძის რაოდენობა მე-20 დღემდე მატულობს, შემდეგ კი იკლებს, განსაკუთრებით მკვეთრად 30-ე დღის შემდეგ.

ბოცვრები გამოირჩევიან ადრეული განვითარებით–სწრაფი ზრდისა და ადრეული სქესობრივი მომწიფების უნარით. ბაჭიები დაბადებისას არიან შიშვლები და უსინათლონი, აქვთ 16 კბილი; მე-5-7 დღეს იმოსებიან გარეგანი საფარველით, მე-10-14 დღეს აეხილებათ თვალი, მე-17-20 დღეს იწყებენ ბუდიდან გამოსვლასა და საკვების მიღებას.

მე-18 დღიდან ეწყებათ კბილების ცვლა, ძირითადი სარძევე კბილები ეცვლებათ მე-20-28-ე დღეს. სიცოცხლის პირველ 6 დღეში ბაჭიების ცოცხალი წონა იზრდება ორჯერ, მე-10 დღისთვის–3-ჯერ, მე-20 დღისთვის–5-6-ჯერ, 30-ე–9 -10-ჯერ და აღწევს საშუალო ჯიშებში 400-500, მსხვილებში– 600-700 გ-ს. 29-30-ე დღეს შეიძლება ბოცვრების ასხლეტვა.

ბოცვრების სხეულის ყველაზე ინტენსიური ზრდა ხდება 4 თვის ასაკამდე, რომლისთვისაც ისინი თითქმის აღწევენ ზრდასრულების ზომას (85%-მდე).

სქესობრივ სიმწიფეს საშუალო ჯიშების ბოცვრები აღწევენ 3-3,5, მსხვილი ჯიშებისა–3,5-4 თვის ასაკში. თუმცა მათი გამოყენება აღწარმოებისათვის ამ ასაკში იწვევს მათი ზრდის შეფერხებასა და სუსტი შთამომავლობის მიღებას.

ბოცვრის ჯიშები

მსოფლიოში ბოცვრის სახორცე, საბეწვე და დეკორატიული მიმართულების 100-მდე ჯიშია გამოყვანილი. საქართველოში გავრცელებულია, ძირითადად, სახორცე ჯიშები: თეთრი გოლიათი, კალიფორნიული, ახალზელანდიური თეთრი, ნაცრისფერი გოლიათი და სხვ.

  • თეთრი გოლიათი

ეს ჯიში გამოყვანილ იქნა ბელგიასა და გერმანიაში XIX საუკუნის ბოლოს. ზრდასრული ბოცვრის წონა 4,5კგ – 5,1კგ აღწევს. ტანის სიგრძე 60 სმ-ია, გულ-მკერდის შემოწერილობა 37სმ.

სახორცე მიმართულებით სასაკლაო წონაზე ადის სამი თვის ასაკში და აღწევს 2.6 კგ-ს. ცოცხალ წონას, ხორცის გამოსავალი აღწევს 54%-ს. იძლევა 7-8 ბაჭიას.

  • ახალზელანდიური თეთრი

ეს ჯიში გამოიყვანეს ამერიკაში. გამოირჩევა მაგარი კონსტრუქციულობით, წვრილი ძვლით, მაღალი მეხორცულობით, საშუალო თავით, მოკლე, თხელი ყურებით, სწორმდგომი; მკერდი ღრმა და ფართო, წელი–განიერი; ფეხები მსხვილი და მაგარი; თათები–მასიური, ბეწვი–ხშირი; შობადობა–6- 10 ბაჭია, წონა–4,5კგ-5კგ-მდე.

სასაკლაო წონაზე ადის სამი თვის ასაკში და აღწევს 2.7კგ ხორცის გამოსავალი 58%.

  • კალიფორნიული

ეს ჯიში გამოიყვანეს ამერიკაში შინშილასა და ახალზელანდიურის შეჯვარებით. ეს ჯიში გამოირჩევა მსუბუქი ძვლებითა და მაღალი მეხორცულობით, საშუალო თხელი ყურებით, განიერი მენჯის ძვლებით. მოითხოვს კარგ ზოოჰიგიენურ პირობებს.

სასაკლაო წონაზე ადის სამი თვის ასაკში და აღწევს 3 კგ-ს. ხორცის გამოსავალი 52%.

  • ნაცრისფერი გოლიათი

ამ ჯიშს გარე შეფერილობა ნაცრისფერი მოწითალო ფერის. კარგად ეგუება გარემო პირობებს. შობადობა 7-8 ბაჭია, ხასიათდება უხვრ- ძიანობით, წონა 5კგ-მდე, ტანის სიგრძე 60-62 სმ-ია. მკერდის გარშემოწერილობა–38სმ. წონა აღწევს 7კგ-ს. ხორცი–60%; ხასიათდება მასიური მაგარი ყურებით, ტანი გრძელი და მომრგვალო, ბეწვი ნაკლებად ხშირი აქვს.

სასაკლაო წონაზე ადის სამი თვის ასაკში და აღწევს 2.8კგს. ხორცის გამოსავალი 60%.

ბოცვრის სადგომი

ბოცვრის სადგომი–ბოცვრის ფერმერული მეურნეობის დაგეგმარების დროს აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი ფაქტორები: გარემო პირობები (ტემპერატურა, ტენიანობა, ქარის მასების მოძრაობა), იზოლირება სხვა ფერმერული მეურნეობებისგან.

ბოცვრის გამოზრდა სასურველია კაპიტალურ ნაგებობაში, სადაც გამართული უნდა იყოს სავენტილაციო სისტემა, მოწყობილი უნდა იყოს ლითონის უჟანგავი კონსტრუქციები (გალიები), ნაკელის გამტანი დანები; გამართული უნდა იყოს დასარწყულებელი ნიპელური სისტემები, დამონტაჟებული ლითონის საკვებურები.

ფერმაში ზამთრის პერიოდში ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა 15- 17 გრადუსია, ხოლო ტენიანობა 50-60%.

  • ბოცვრისგალიის სტანდარტი:

სიგრძე–90სმ, სიგანე–70სმ, სიმაღლე–45სმ.

  • საბაჭიე ხის ყუთის ზომები:

სიგრძე – 50სმ, სიგანე–30სმ, სიმაღლე–15სმ.

ბოცვრის კვება

ბოცვერი მიეკუთვნება მცენარეული საკვებით მკვებავ ცხოველთა ჯგუფს. ბოცვრის კვებაში ძირითადი ადგილი უკავია ბალახეულ კულტურას (იონჯა, ესპარსეტი) და სწორად დაბალანსებულ კომბინირებულ საკვებ კონცენტრატს.

ბოლო პერიოდში წარმატებით გამოიყენება სრულფასოვანი გრანულირებული საკვები, რომლის შემადგენლობაშიც შედის დაახლოებით 15-17% მშრალი პროტეინი, ვიტამინები, ამინომჟავები, მიკრო და მაკროელემენტები.

გრანულირებული საკვებით ბოცვრის კვება მისაღებია ფერმაში შრომითი ხარჯების შესამსუბუქებლად და დანაკარგის მინიმალურამდე შესამცირებლად. ამ საკვების საბაზრო ფასი მერყეობს 0.9-დან 1.2-ლარამდე.

ხშირად ფერმერები ეკონომიის მიზნით თავად ამზადებენ კომბინირებულ საკვებს, რომელიც 20%-ით უმცირებთ ხარჯებს. ასეთი საკვების ღირებულება 0.7-0.9 ლარს შეადგენს.

  • 10კგ. კომბინირებული საკვების მოსამზადებლად საჭიროა:

ქერი – 3.5კგ, სიმინდი – 2.5კგ, ქატო – 1კგ, ხორბალი –1.6კგ, სოიის შროტი – 0.7კგ, მზესუმზირის კოპტონი – 0.7კგ, დიკალციფოსფატი –50გრ, განასუპერვიტი – 10გრ, ზეთი – 100 მლ.

რაც შეეხება მწვანე მასის საკვებად გამოყენებას, ზაფხულის პერიოში აუცილებელია ბალახის ჩრდილში გაშრობა არანაკლებ 24-საათისა, ნედლი ან სველი ბალახის საკვებად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს კვებით ინტოქსიკაციას, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობას.

ზამთრის პერიოდში საუკეთესო საკვებად ითვლება ხმელი თივა, რომელიც მოთიბული და დაპრესილი უნდა იყოს აგროვადების მკაცრი დაცვით.

  • მოზარდი ბაჭიის დღიური კვების ნორმა

თივა 50 გ-200გ-მდე; წვნიანი საკვები 150გ-300გ-მდე; კონც. საკვები 30-50 გ.

ბოცვრის წლიური მოთხოვნა საკვებზე კგ-ში სულზე

საბაზრო მდგომარეობა

  • ბოცვრისხორცი

ბოლო პერიოდში ბოცვრის ხორცზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა მსხვილ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, ასევე სარესტორნე ქსელში.

დღევანდელი ინფორმაციით (2015 წელი), მხოლოდ მარკეტების ქსელებში ყოველთვიურად 300-400კგ ნედლი ხორცის რეალიზაცია ხდება, თუმცა შესაძლებელია ამ ციფრის არანაკლებ სამჯერ გაზრდა, ვინაიდან ხორცის მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება.

პრობლემას ქმნის არაორგანიზებული მიწოდება, ხორცის დაბალი პოპულარიზაცია და ცნობადობა.

ბოცვრის გამოზრდის პერიოდი უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე და არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ამ პერიოდისთვის ცოცხალი წონა აღწევს 2.5-3კგ-ს, საიდანაც სუფთა ხორცის გამოსავალი შეადგენს 1.4-1.8-კგ-ს. 1კგ

ბოცვრის ხორცის თვითღირებულება შეადგენს 11-12-ლარს (კომბინირებული საკვები, თივა, ვაქცინაცია და სხვა ხარჯები), რაც შეეხება სარეალიზაციო ფასს, მარკეტებსა და სარესტორნე ქსელებში დამოკიდებულია ბაზარზე და მერყეობს 14-15 ლარამდე.

  • ბეწვისა და ტყავის რეალიზაციასაქართველოში

ბოცვრის ტყავის და ბეწვის გადასამუშავებელი საწარმო არ არსებობს, ამიტომ ამ მიმართულებით ბიზნესით არავინ ინტერესდება. თუმცა შეიძლებოდა მისი საექსპორტო პოტენციალის გამოყენება.

მეზობელ თურქეთში ერთი ბოცვრის ტყავის სარეალიზაციო თანხა 2.5-დან 3.5 ლარამდე ღირს.

მნიშვნელოვანია სასაკლაოს მოწყობა. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ფარგლებში განისაზღვრა შესაბამისი წესი, რომელსაც ფერმერი უნდა გაეცნოს. დაუშვებელია კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე ცხოველის დაკვლა, უნდა მოხდეს დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება შესაბამისი ჯანმრთელობის ნიშანდებით.

ბოცვრის დაავადებები

  • ინფექციური სტომატიტი (სველი ცხვირი)

აღმძვრელი ვირუსი. ავადდება, ძირითადად, მოზარდი ბაჭია ასხლეტვის 20-25-დღიდან 2 თვემდე. საინკუბაციო პერიოდი 2-4 დღეა. ზრდასრული ბოცვრები იშვიათად ავადდებიან. დაავადებას არ აღენიშნება სეზონურობა.

დასნებოვნების წყაროს წარმოადგენს ავადმყოფი ცხოველი. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენახვის ანტისანიტარიული პირობები, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, მომატებული ტენიანობა, ბოცვრების მჭიდრო შენახვა.

კლინიკური ნიშნები – დაავადების დასაწყისში აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიწითლე, შემდეგ ენაზე ჩნდება თხელი მოთეთრო აფთები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და ქმნის მთლიან ნადებს, ნორმალური ლორწოვანასგან გამოყოფილს მოწითალო არშიით. შემდგომში ენაზე წარმოიქმნება წყლულები. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას თან სდევს ჭარბი ნერწყვდენა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა – ავადმყოფ ცხოველებს უტარებენ იზოლაციას, გალიებსა და ინვენტარს უტარებენ დეზინფექციას იოდზეფის ხსარით 1:50 (100მლ-5ლ წყალთან განზავებით). ავადმყოფ ბოცვრებს მკურნალობენ 3-5 დღის განმავლობაში პრეპარატი პენბექსის ან ამოქსაცილინის 15%-იანი საინექციო ხსნარით. დოზა 1მლ-10კგ ცოცხალ წონაზე გაანგარიშებით.

  • მიქსომატოზი

აღმძვრელია ვირუსი. მიქსომატოზისადმი მგრძნობელნი არიან გარეული და შინაური ბოცვრები. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ მიქსომატოზით დაავადებული და დაავადებაგადატანილი ბოცვრები და კურდღლები.

დაავადების აფეთქებები უფრო ხშირად აღინიშნება ზაფხულში და შემოდგომაზე. ვირუსის ძირითადი გადამტანებია მწერები (კოღოები, მოსკიტები) და ექტოპარაზიტები (ტილები, რწყილები, ტკიპები). ინკუბაციის პერიოდი 2-20 დღეა.

კლინიკური ნიშნები – დაავადება მიმდინარეობს ორი ფორმით: კლასიკური (შეშუპებითი) და კვანძოვანი (ატიპური). ამ დროს ვლინდება ორმხრივი კონიუნქტივიტი, ვლინდება ჩირქოვანი გამონადენი ცხვირის ღრუდან (რინიტი). თავზე, მკერდზე, ზურგზე უჩნდებათ შეშუპებები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და ბოცვერს აძლევს მახინჯ ფორმას (გასივებული თავი, ყურები). დაავადება გრძელდება 4-10 დღეს და, ჩვეულებრივ, მთავრდება სიკვდილით. სხეულის ტემპერატურა მატულობს 40-41,5°C-მდე.

პროფილაქტიკა და მკურნალობა – მიქსომატოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ჩატარდეს ვაქცინაცია, რომელიც იწყება ერთი თვიდან და უტარდება ყველა ბოცვერს. ვაქცინაციისთვის გამოიყენება კონბინირებული (მიქსომატოზი და ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია) ცოცხალი ვირუსვაქცინა ,,მიქსოჰემოვიროვაკი’’, დოზა 0,5მლ სულზე, ინექცია კუნთში ან კანქვეშ, რევაქცინაცია უტარდებათ სადედე გუნდსა და მამლებს წელიწადში ორჯერ. სახორცე ხაზის მოზარდი იცრება ერთჯერ. მკურნალობა მიქსომატოზის დროს შემუშავებული არ არის.

პრაქტიკული რჩევები

  • ბოცვერს უნდა ჰქონდეს: სუფთა, მშრალი და ორპირი ქარისგან დაცული ადგილი;
  • 3-5 კარგი მერძეული დედისგან შეგიძლიათ მიიღოთ 320კგ წონის 100-მდე მოზარდი;
  • უნდა ვერიდოთ ნათესაურ შეწყვილებას;
  • ადრე გაზაფხულის ბაჭია ყოველთვის უფრო სიცოცხლისუნარიანია;
  • დედალი ბოცვერი უმჯობესია, შევაჯვაროთ 5-6 თვის ასაკში;
  • შეწყვილების დროს დედალი ბოცვერი უნდა ჩავუსვათ მამალს და არა–პირიქით;
  • შეწყვილების დროს გალიიდან უნდა ამოვიღოთ ყველანაირი ინვენტარი;
  • დაგრილებიდან 5-6 დღის შემდეგ განმეორებით ისევ ვსვამთ მამალთან გადასამოწმებლად;
  • დაბაჭიანებამდე 5-6 დღით ადრე უნდა ჩავუდოთ გალიაში საბაჭიე ყუთი;
  • მრავალი დაბაჭიანების დროს უნდა ჩავდგათ ორი ბუდე და ბაჭიები გადავანაწილოთ;
  • დაბაჭიანების დროს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დედა ბოცვერს წყალი;
  • არა არის რეკომენდებული მწვანე მასის გამოშრობის გარეშე მიცემა;
  • სალოკი მარილი უნდა ეძლეოდეს მუდმივად;
  • ბოცვრისათვის სასარგებლოა: ნაცარქათამა, მრავალძარღვა, ჭანგა, აბზინდა, გრაკლა;
  • საკვებად უვარგისია: ყაყაჩო, კრაზანა, მდოგვი, ანწლი;
  • პური ეძლევა გამხმარი სახით;
  • წიწვოვანი ტოტები ეძლევა ოქტომბრიდან მარტამდე 1 სულს 100-200 გ.;
  • ბოცვრის ნაკელი გამოიყენება სასუქად;
  • აუცილებელია ბოცვრის დამუშავება წელიწადში 3-ჯერ შინაგან პარაზიტებზე (ჰელმინთები).

ავტორი: დავით ბოსტაშვილი, ჟურნალი აგრობაზისი.