ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა.

ფისტას სამშობლოდ ითვლება – ირანი. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ფისტა აქტიურად ვრცელდებოდა და იზრდებოდა ვრცელ ტერიტორიაზე ავღანეთიდან – სირიამდე, დასავლეთ აზიაში, კავკასიაში (მათ შორის საქართველოში). რომის იმპერიის ზეობის ხანაში, ფისტა სირიიდან შეიტანეს იტალიაში და საბერძნეთში.

          აშშ-ში, ფისტას კულტივირება კომერციული თვალსაზრისით დაიწყეს 19-ე საუკუნის ბოლოს (1890 წ.) კალიფორნიაში. ამჟამად აშშ, ამ ძვირადღირებული პროდუქტის წარმოებით მხოლოდ ირანს ჩამორჩება. დღეს ფისტას სამრეწველო მიზნით აწარმოებენ: ირანი, აშშ, თურქეთი, სირია, ჩინეთი, საბერძნეთი, ავღანეთი, იტალია და სხვა.

სპეციფიკური მონაცემები

  • ფისტა – 5-7 (იშვიათად 10) მეტრის, ორსახლიანი მცენარეა, ბუნებრივი გავრცელების ადგილებში მეტი რაოდენობით გხვდება მამრობითი მცენარეები;
  • ფისტა სინათლის მოყვარული, ყინვა (-150C) და გვალვაგამძლე მცენარეა (500C);
  • მისი კულტივირება მიზანშეწონილია არაუმეტეს 800-900 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან;
  • აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 3000-35000C;
  • ნიადაგის ოპტიმალური рН= 7,0 – 7,8.
  • საუკეთესოა ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, პირველივე წელს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებამ შეიძლება2-1.5 მეტრს მიაღწიოს.

 

 

 

გამრავლების შესახებ

  • ფისტას ძირითადად ამრავლებენ თესლით და მყნობით.
  • თესვისთვის იყენებენ 1 ჰექტარზე 65-75 კგ. 1000 ცალი – 1კგ-ს ანგარიშით.
  • ახალ თესლს ალბობენ ზრდის სტიმულატორში, ან წყალში ორი დღის განმავლობაში და თესავენ ქვიშიან ნიადაგში, გადააფარებენ ცელოფანს. შემდეგ როდესაც ამოიზრდება 2-2.5 სმ-ზე, გადააქვთ სანერგეში-15 სმ მცენარეთა შორის, 90 სმ – რიგთა შორის. ორი თვის შემდეგ ნერგები მიაღწევენ 10-15 სმ-ს.
  • საოჯახო პირობებში ძნელია ნერგის გამოყვანა, ამასთან ძალიან რთულია მდედრობითი და მამრობითი მცენარეების გარჩევა. ჩვენი აზრით უკეთესია თქვენთვის სანდო სანერგეში შეიძინოთ უკვე ჩამოყალიბებული ნერგები და ასე გააშენოთ ფსტას ბაღი.
  • 1 მამრობითი მცენარე 8-10 მდედრობითი მცენარის დამტვერიანებისთვის არის საკმარისი.
  • დარგვისას მცენარეთა შორის მანძილი საშუალოდ5-6.0 მეტრია.
  • ყვავილობა: მარტის ბოლო-აპრილის დასაწყისი;
    ნაყოფის სიმწიფე: აგვისტო-სექტემბერი.
  • პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ ადგილებში.

 

ბიოლოგიურ-სამეურნეო თავისებურებები

          ფისტა სინათლისა და სითბოს მოყვარული გვალვაგამძლე 4-6 მეტრის სიმაღლის მქონე მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც მიეკუთვნება თუთუბოსებრთა (Anacardiaceae) ოჯახს. მცენარე ივითარებს გამორჩეულად მძლავრ ფესვთა სისტემას, რის გამოც მისი ადაპტურობა მაღალი სიცხეების მიმართ მკვეთრად მატულობს.

          ფისტის ნაყოფების ნორმალურად მომწიფებისათვის საჭიროა 29000-დან 34000-მდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი ჯიშების მიხედვით. მისი გაშენება მიზანშეწონილია ზღვის დონიდან არაუმეტეს 800-900 მეტრ სიმაღლემდე. ნორმალური მოსავლის მისაღებად უპირატესობას ანიჭებს ცხელ და ხანგრძლივ ზაფხულს. ზამთრის ტემპერატურის დაცემა -17-19C-მდე სერიოზულ ზიანს აყენებს მცენარესა და მიმდინარე მოსავალს.

          ფისტა, ძირითადად, ყვავილობს აპრილში, ყვავილობისა და მაის-ივნისის პერიოდში წვიმებმა და გადაჭარბებულმა ტენიანობამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფების არაბუნებრივი განვითარება, კერძოდ, ნაყოფების ადრეული გასკდომა-დალპობა ან განუვითარებელი შიგთავსის მქონე კაკლების პროცენტის კრიტიკული გაზრდა.  ზოგ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვნად მატულობს ე.წ. კირკიტა ნაყოფების რაოდენობა.

          ფისტა ორბინიანი მცენარეა, ამიტომ ნაყოფების მისაღებად აუცილებლად მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას. მისი დამტვერვა ქარის საშუალებით ხორციელდება. დამტვერვის მიზნით სამრეწველო ბაღში რგავენ 1 მამრობით მცენარეს 8-12 მდედრობით მცენარეზე.

          ფისტა უპირატესობას ანიჭებს კარგი აერაციის უნარის მქონე საშუალო ან მსუბუქ ნიადაგებს, სადაც pH 6,8 და მეტია. მცენარე ტოლერანტულია მლაშე ნიადაგების, მაღალი კარბონატობისა და გვალვის მიმართ. მიუღებელია ცუდი დრენაჟის მქონე მძიმე ნიადაგები, სადაც ფისტის ხე ადვილად ავადდება ვერტიცილიოზით. მიუხედავად გვალვაგამძლეობისა, ფისტის მოსავლიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული სარწყავი წყლის შესაბამისი რაოდენობით მიწოდებაზე.

          საქართველოში ამ კულტურის პოტენციური მოყვანის ზონა, სავარაუდოდ, უნდა ემთხვეოდეს მისი ველური მონათესავე სახეობის საკმლის ხის გავრცელების არეალს, რომელიც, ძირითადად, მოიცავს თბილისის შემოგარენს, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ზოგიერთ მიკროზონას.

 

გაშენების სისტემები

          ბაღში მცენარეთა განლაგების სწორი სისტემის შერჩევა საშუალებას იძლევა ფართობის ერთეულზე განლაგდეს მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მცენარეთა მიერ კვების არის მაქსიმალური ათვისება, სინათლის ეფექტიანი გამოყენება, ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაცია, შრომის ნაყოფიერების ზრდა.

          ფისტის ბაღების გაშენების ოპტიმალური სქემა დამოკიდებულია ჯიშების თავისებურებებზე და, ძირითადად, გამოიყენება გაშენების შემდეგი სქემები: 6,0-6,7 მეტრი * 5,5-6,0 მეტრზე. ფისტის დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, თუმცა ზამთრის დაზიანებისგან თავის არიდების მიზნით უმჯობესია ადრე გაზაფხულზე ბაღის გაშენება.

 

აგროტექნიკური თავისებურებები

          ფისტის ბაღის დარგვის დროს სასურველია ორმოები ამოღებულ იქნეს ბაღის გაშენებამდე რამდენიმე დღით ადრე. ორმოს ზომები უნდა შეადგენდეს 40-50 სმ-ს, ხოლო სიღრმე – 30-40 სმ-ს. იმის გათვალისწინებით, რომ ფისტის შიშველფესვიანი ნერგების გახარების პროცენტი ძალიან დაბალია, დასარგავი ნერგები აუცილებლად მიღებული უნდა იყოს მიწის კოშტით.

          სასურველია სპეციალურ კონტეინერებში გამოყვანილი ნერგების დარგვა. ზოგჯერ მიმართავენ ბაღში მუდმივ ადგილზე საძირეების დარგვას და შემდეგ ადგილზე მყნობას.

          ფისტის ბაღებში ნიადაგის მოვლის რეკომენდებული სისტემებია: მწკრივებს შორის დაკორდება (ბალახის მუდმივი საფარი) და შავი ანეული (ნიადაგის ხშირი კულტივაცია). ამ დროს ხდება სათიბელით (ან მულჩერ-სათიბელით) 3-6-ჯერ თიბვა ან კულტივაცია სეზონის განმავლობაში.

          ხეებს შორის რიგში: ახდენენ ჰერბიციდით (ბასტა, ნოკდაუნი, კლინი და სხვა – 3-5 ლ/ჰა) დამუშავებას ან გათოხნა/კულტივაციას.

          განოყიერება ხორციელდება ნიადაგის ანალიზის შესაბამისად. განოყიერების საშუალო საორიენტაციო ნორმები შეადგენს: ორგანული ნივთიერებები – 15-20 ტონა/ჰა და მეტი, მინერალური  ნივთიერებები – აზოტი – 90-120 კგ/ჰა; ფოსფორი – 90-120 კგ/ჰა; კალიუმი 60-90 კგ/ჰა. ნორმალური ყვავილობისათვის დამატებით მოითხოვს თუთიითა და ბორით განოყიერებას.

 

გასხვლა-ფორმირება

          ფისტა, ძირითადად, მსხმოიარობს ერთწლიან ნაზარდებზე, ამიტომ ფისტის გასხვლის მთავარი მიზანია, მივიღოთ ყოველწლიური ნაზარდი. მისი სხვლა-ფორმირების გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს ჯამისებრი ფორმირება, თუმცა ინტენსიურ ბაღებში ასევე იყენებენ ლიდერული ტიპის ფორმირებასაც.

 

მავნებელ-დაავადებების კონტროლი

          განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფისტის ბაღის დაცვას მავნებელ-დაავადებებისგან. სეზონის განმავლობაში ბაღის დაცვის მიზნით აუცილებელია ნარგაობის 4-6-ჯერ დამუშავება შესაბამისი პრეპარატებით. ფისტის მცენარესა და ნაყოფებს განსაკუთრებით აზიანებენ ცხვირგრძელები, ტკიპები და ფოთოლხვევიები.

          ასევე მეტად საშიშია შემდეგი დაავადებების – ბოტრიოსფერია, ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიცისი) და ალტერნარიოზი – გავრცელება ბაღში. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის მექანიკურ ღონისძიებებს (ჩამოცვენილი ფოთ- ლებისა და ანასხლავის დროული გატანა ბაღიდან).

 

მოსავლიანობა

          ფისტის მოსავლიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოყვანის კლიმატურ პირობებზე, ნიადაგობრივ და ტოპოგრაფიულ თავისებურებებზე, მოვლის აგროტექნიკურ ფონსა და ჯიშების სპეციფიკაზე.

          სრულმსხმოიარობაში ფისტა ხასიათდება გამოკვეთილი მეწლეობით – ყოველ მოსავლიან წელს ენაცვლება ნაკლებმოსავლიანი წელი. შესაბამისი მოვლის პირობებში შესაძლებელია 1 ჰა-ზე საშუალოდ 1,4-1,9 ტონა მოსავლის აღება. მსოფლიოს მეხილეობის წამყვან ქვეყნებში (აშშ, ესპანეთი) ინტენსიური მოვლის პირობებში 1 ჰა-ზე 2,5-3,0 და მეტ ტონა მოსავალსაც იღებენ.

 

ჯიშები

          მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფისტის ჯიშების სორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. ამჟამად, მდედრობითი ჯიშებიდან, მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ჯიშია ამერიკული ჯიში „ქერმანი“, რომელიც ხასიათდება მაღალმოსავლიანობით, მსხვილი ნაყოფებითა და გამორჩეული საგემოვნო თვისებებით.

          ირანში ფისტის მრავალი ჯიშის ბაღია გაშენებული, მათგან გამოირჩევა ჯიშები: „Momtaz“, „Ohadi“, „Kalehghouchi“ და სხვა.

          თურქეთში ფისტის ჯიშებიდან უპირატესობას ანიჭებენ ჯიშებს – „უზუნი“ და „კირმიზი“, გარკვეული ადგილი უკავია სირიულ ჯიშს „რედ ალეპოს“. იტალიაში (სიცილია), ძირითადად, გვხვდება ჯიში „ნაპოლეტანა“.

          ესპანეთში გასულ წლებში აქტიურად აშენებდნენ ჯიშებს „Sfax“ და „Mateur“, თუმცა ამჟამად ახალ ბაღებში უპირატესობას ანიჭებენ „ქერმანის“ გაშენებას. მამრობითი ჯიშებიდან მსოფლიოს სანერგეები ამრავლებენ სხვადასხვა ჯიშს, რომელთა შორის წამყვანია „პეტერსი“.

          აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პირობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჯიშების ოპტიმალურ შერჩევას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი მრავალწლოვანი მეცნიერულ-პრაქტიკული კვლევების ჩატარება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ფისტის სამრეწველო დანიშნულებით გაშენების გადაწყვეტილების მიღება.

 

მოსავლის აღება

          ფისტის მოსავლის აღება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპია. ჯიშების მიხედვით კრეფის პერიოდი ცვალებადობს და, ძირითადად, მოდის სექტემბერ-ოქტომბერში.

          არადროულ და მოსავლის არასწორ აღებას შეუძლია მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს, შესამჩნევად დააქვეითოს პროდუქციის ხარისხი და დააზიანოს ნაყოფები სხვადასხვა სახის ობის სოკოებით. მოსავალს იღებენ როგორც ხელით, ასევე დაბერტყვით ან სპეციალური ფისტის ასაღები „შეიკერი“ მანქანებით.

          კრეფის დროს მაქსიმალურად თავიდან უნდა იქნეს აცილებული მიწაზე ფისტის ნაყოფების მოხვედრა, რისთვისაც იყენებენ სპეციალურ საფენებს, რომლებზეც ბერტყავენ მოსავალს და შემდეგ აგროვებენ შესაბამის ჩასაყრელ ტარაში – ტომრებში, ბადეებში, „ბიგ-ბეგებში“ ან ყუთებში.

          კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში, წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც მცენარეზე წყლის წვეთები შეშრება და აღარ იქნება. კრეფის შემდეგ ნაყოფებში ტენის შემცველობა 40-50%-ს შეადგენს, ამიტომ აუცილებელია მოკრეფილი ნაყოფების სწრაფად გაშრობა სტაციონარულ თბოსაშრობებში ან მზეზე გაფენის გზით.

 

შენახვა

          ფისტის შენახვის პერიოდი მერყეობს ჯიშების მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 1-2 წელიწადს. შენახვისთვის მოითხოვს მშრალ, კარგად ვენტილირებულ საცავს. შენახვისთვის განკუთვნილ ნაყოფებში ტენის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 5-6%-ს. ფსტა ინახება 12 თვის განმავლობაში +16-180C და 60% ტენიანობის პირობებში. უფრო ხანგრძლივი შენახვისთვის (12-ზე მეტი თვე) შენახვის ტემპერატურა შეადგენს 0-10C-ს. ფისტის შენახვის დროს მნიშვნელოვანია მავნებლების კონტროლი, რომლებიც შესაძლოა გადარჩევის მომენტში გაჰყვეს პროდუქციას. ამ მიზნით, ფსტით სავსე ტომრებს რამდენიმე დღით ათავსებენ -1-2 C გრადუს ტემპერატურაზე ან უჟანგბადო კამერაში.

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. ფისტა - პერსპექტიული კაკლოვანი კულტურა. იხ. https://agrokavkaz.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.
  2. ფისტა დარგვა-გამრავლება. იხ. https://agrokavkaz.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.

 

 სტატიის  ავტორი ქეთი ჯოჯიშვილი