თეთრი ლეღვისინონიმი: ყვითელი. თეთრი ლეღვის სახელწოდებით კახეთში ცნობილია თეთრი ან ყვითელი ნაყოფის მომცემი ლეღვის ჯიში.

თეთრი ლეღვის ჯიშური ერთეული შედგება უსათუოდ რამდენიმე კლონური სხვაობიდან, რომელთა შორის შეიძლება გამოიყოს საუკეთესო სამეურნეო მნიშვნელობის მქონე ლეღვის კლონური ფორმები.

თეთრი ლეღვის კლონური სხვაობები ერთიმეორისაგან განირჩევიან უპირველესად ყოვლისა ნაყოფის სიმსხოთი, მოყვანილობითა და თვით ხის ზრდის უნარითაც. რასაკვირველია, თვით ნაყოფის ხარისხიც და, მაშასადამე, მისი სამეურნეო ღირებულებაც საგრძნობლად განსხვავდება ერთი-მეორისაგან. ყველაზე უკეთეს კლონურ ფორმად მიგვაჩნია ჩვენს მიერ აწერილი და შესწავლილი თეთრი ლეღვის კლონური ფორმა, რომელსაც მსხვილნაყოფა თეთრ ლეღვს ვუწოდებთ. ქვევით თეთრი ლეღვის სახელწოდებით ვიგულისხმებთ სწორედ ზემოაღნიშნულ მსხვილნაყოფა თეთრ ლეღვს.

კახეთში ყველაზე უფრო გავრცელებულია თეთრი ლეღვი. მეტადრე ეს შეეხება ზემო, შუა და გაღმა კახეთის რაიონებს, შედარებით ნაკლებად გვხვდება ქვედა კახეთში, სადაც, უფრო მეტად, თეთრი ლეღვის სხვა კლონური ფორმებია გავრცელებული.

თეთრი ლეღვი არ ვითარდება ძლიერ ხედ. მას უფრო ეტყობა ბუჩქად განვითარების მიდრეკილება. ბუჩქი შედგება მრავალ, შედარებით თანაბრად განვითარებულ ძირიდან. წლიური ნაზარდი საკმაოდ ინტენსიური ახასიათებს, მეტადრე სიახალგაზრდავეში, სრულ მსხმოიარობისას კი წლიური წანაზარდები მოკლე აქვს. თეთრი ლეღვის დამახასიათებელია გრძელი მუხლთაშორისები და ძლიერ მცირედი დატოტვა. გვერდითი ტოტები ვითარდება უკანასკნელი ორი სამი კვირტისაგან, მხოლოდ როგორც გამონაკლისი. გვერდითი ტოტის განვითარება ტოტის დაბლა ნაწილებიდან, გამოწვეული უნდა იყოს რაიმე მიზეზით, როგორიცაა: ყინვები, წვერის კვირტის დაღუპვა, ძლიერი ტრავმატული დაზიანება ან სხვა რაიმე მიზეზი.

ზრდის ამ თავისებურების გამო, ხე ინვითარებს მეტად თხელ ვარჯს ცრუ, დიხოტომიურად დატოტვილი სახსრებით. ახასიათებს ამონაყრების მოცემა. ხე არ არის ხანგრძლივი სიცოცხლის უნარის მქონე, ადრე ბერდება, ოღონდ ადვილად იტანს გაახალგაზრდავებას. საშუალოდ თეთრი ლეღვის ხე, თუ ბუჩქად არის ნაზარდი, 40–45 წელს აღწევს, ისიც შიგადაშიგ გაახალგაზრდავების ოპერაციის ჩატარების შედეგად. ყინვაგამძლეობა, სხვა ლეღვის ჯიშებთან შედარებით, დიდი ახასიათებს. იგი – 14° – 16° C. პირობებში თითქმის არ ზიანდება, ან მცირედ ზიანდება, ისიც მხოლოდ შემოუსვლელი, უხმება მერქნის ნაწილები. თეთრი ლეღვის დიდი ყინვაგამძლეობით უნდა აიხსნას მისი კახეთის მაღალ ზონებში გავრცელდება.

ფოთოლი ძლიერ მსხვილი, სქელხორცაა. ფოთლის დაძარღულობა მსხვილია, ძლიერ განვითარებული ცალკეული თათების ძარღვებით. ფოთოლი დანაკვთულია სამ თათად.

ნაკვთს უბე არა აქვს ღრმა, ისე რომ ფოთლის ფორმა სტოვებს ტალღისებრი ზედაპირის შთაბეჭდილებას. გვხვდება აგრეთვე დაუნაკვთავი ფოთოლიც. ფოთლის ქვედა მხარე მონაცრისფერო-მომწვანოა, ძლიერი ნერკანციის ქსელით. ფოთლის ზედამხარე კი ღია მწვანე ფერისაა.

თეთრი ლეღვი წელიწადში ორ წყება ნაყოფს იძლევა. პირველი ნაყოფი, ვეგეტაციის დაწყების შემდეგ, სულ მოკლე ხანში ესახება და ძლიერ ჩქარა იზრდება მოცულობით. დაზრდილი, დამსხვილებული ნაყოფი – კაკარი (კაკრას, კახეთში, უწოდებენ ლეღვის მოუმწიფებელ ნაყოფს) ხანგრძლივად რჩება დაუმწიფებელი ხეზე, დაახლოებით აპრილის გასულიდან ივლისის 20–25 რიცხვებამდე.

გაზაფხულის ნაყოფის რაოდენობა თეთრმა ლეღვმა ბევრი არ იცის, თხლად ისხამს ხოლმე და შეიძლება, საშუალო სიდიდის ხემ 100–300 ცალამდე გამოიბას.

გაზაფხულის ნაყოფი ხალხში ცნობილია გუდა ლეღვის სახელწოდებით; ამ სახელწოდებით შემდეგში აღვნიშნავთ გაზაფხულის ნაყოფს, რომელიც კაპრიფიგატორ ლეღვებში, პროფიკებად არის ცნობილი. თეთრი ლეღვის გუდა ნაყოფი სიმწიფეს აღწევს 10/7-ში – ქვემო კახეთში, 10–15/7 შუა და გაღმა კახეთში კი 15/7–20/7 რიცხვებში; ზემო კახეთში გუდა ლეღვის სიმწიფის პერიოდი გრძელდება სულ 6–10 დღე, ამინდისდა მიხედვით. გუდა ლეღვი ყოველწლიურად არ მწიფდება კარგად; მისი მომწიფება დამოკიდებულია წლის ამინდზე; თბილ და ზომიერად ტენიან წლებში, თეთრი ლეღვის გუდა ნაყოფი, საკმაოდ კარგად ვითარდება და შედარებით თანაბარ სიმწიფეს აღწევს. ზოგიერთ წლებში, ყველა გუდა ნაყოფი როდი აღწევს ხეზე ნორმალურ სიმწიფეს, ზოგი მათგანი ჭკნება და ცვივა. ზოგჯერ კი ნაყოფის ცალკეული ნაწილები, ერთი მესამედი, ან ერთი მეოთხედი, ან ნახევარი და ან ორი მესამედი, მწიფდება ხოლმე ე.ი. რბილდება, ყვითლდება და ალაგ-ალაგ წვნიანი ხდება.

გუდა ლეღვის სახელწოდება დაკავშირებულია თვით ნაყოფის თავისებურ თვისებებთან. გუდა ლეღვის ნაყოფი გაბერილია გუდასავით. აქედან წარმოსდგა მისი სახელწოდებაც – გუდა ლეღვი. გუდა ლეღვის ნაყოფის შიდა მხარე, გული, ღრუბლისებრ, ფხვიერ მასას წარმოადგენს და თუ არ დამწიფდა არ დარბილდება და ტკბილი წვენით არ გაივსება; ჩუტე, უხეში, ტყავისებრი კონსისტენციის ხდება. გუდა ლეღვის ნაყოფის ხარისხი მეტად დაბალია, როგორც სუფრის ხილისა და მთლად უვარგისია, როგორც საჩირე პროდუქტი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გუდა ლეღვს, კარგი ხარისხისაც რომ იყოს, მისი მოსავლის მეტად დიდი სიმცირის გამო, რაიმე დიდი ეკონომიური მნიშვნელობა არ ექნება. ისე კი როგორც ადრეულა ხილი სუფრაზე ნედლად მოსახმარად, ისიც ზოგიერთ წლებში, საკმაოდ შეფასებულია ადგილობრივ მოსახლეობის მიერ.

გუდა ლეღვის თანაყვავილები შედგება ნორმალური დედრობითი ყვავილებისაგან და შიგადაშიგ, მეტად მცირე რაოდენობით, მოცემულია ძლიერ მოკლე, ძაფებზე მსხდომი, მამრობითი ყვავილები – მტვრიანები, რომლებიც შედგება ორი წყვილი, ლობიოს მარცვლის მსგავსი პარკუჭისაგან. გუდა ლეღვის ცალკეულ ნაყოფში მამრობითი ყვავილები – მტვრიანები სხვადასხვა რაოდენობით არის მოცემული. 20 სხვადასხვა სიმსხოს და სხვადასხვა განვითარების ნაყოფში ჩვენს მიერ დათვლილი იყო 22–48 ცალამდე. ზოგიერთ წლებში, მამრობითი ყვავილების განვითარება ძლიერ დაგვიანებით ხდება (დაბალი t°-ის და დიდი ნალექების ან დიდი სიმშრალის პირობებში).

ნორმალურად მომწიფებული ნაყოფის ნაყოფგარემო და ნაყოფსაჯდომი, რბილი ფეხით, გავსებულია ტკბილი წვენით. ნაყოფის ხორცი მოვარდისფრო შეფერილობისაა, მოყვითალო ელფერის და წიპწა ზოგჯერ ნორმალურზე უფრო ძლიერად აქვს განვითარებული.

თვით გუდა ნაყოფის გარეგნობა თავისებურია და ძლიერ განსხვავდება, მამონეს ტიპის ზაფხულის თეთრი ლეღვის ნაყოფისაგან. გუდა ლეღვის ნაყოფი მოგრძოა, წახნაგოვანი, მაღალი ყელით, ძლიერ ფაფუკი კანით და კანქვეშა ხორცით (ნაყოფსაჯდომი). ნაყოფის შეფერვა მომწვანო-მოყვითალოა. ადრე გაზაფხულზე იზოლირებული, გუდა ლეღვის ნაყოფი ისე დამწიფდა როგორც არაიზოლირებული და ზოგჯერ უკეთესადაც; აქედან ის დასკვნა გამოგვაქვს, რომ ნაყოფი მწიფდება უცხო მტვერით განაყოფიერების გარეშეც და კაპრიფიგაცია არ არის აუცილებელი პირობა თეთრი გუდა ლეღვის ნაყოფის მოსამწიფებლად. გუდა ლეღვიდან აღებული გაღვივებული თესლის რაოდენობა უდრიდა 15–16%-ს. (ნორმალურ წიპწად ნაგულისხმევია ზაფხულის ნაყოფის წიპწები, ნაწილობრივი აღმოცენების უნარით.) გაღვივებული თესლნერგის მომეტებული რაოდენობა არ იჩენდა ნორმალურ განვითარების სიმპტომებს.

გუდა ლეღვის თესლის მცირე გაღვივების უნარიანობა, ან ზოგჯერ მისი სრული გაუღვივებლობა, იმის მაჩვენებელია, რომ გუდა ლეღვის თესლი, მომეტებულად, ჩუტეა, ულებნო და უჩანასახო და ცრუნაყოფი პართენოკარპული განვითარებით ხასიათდება. იმ შემთხვევაში კი, როდესაც გუდა ნაყოფში განვითარებული თესლი გვხვდება, თესლის განვითარება უნდა აიხსნას თვითგანაყოფიერებით, ან მათი აპოგამური განვითარებით, რადგანაც გუდა ლეღვის ნაყოფში ჩვენს მიერ შენიშნული იყო ნორმალურად განვითარებული მტვრიანები დედრობითი ყვავილების განაყოფიერების დროისათვის. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ თეთრი ლეღვის გუდა ნაყოფი ხასიათდება პროტეროგინეუმის (მდედრობითი ყვავილების ბუტკოების წინასწარ დამწიფება) მოვლენით. მიუხედავად ამისა არსებული მასალების საფუძველზე, დასაშვებად მიგვაჩნია თეთრი ლეღვის გუდა ნაყოფის დამწიფება თვითგანაყოფიერების შედეგად. გუდა ლეღვის დამწიფება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია დედრობითი და მამრობითი ყვავილების მომწიფების ხანგრძლივობა და თვითგანაყოფიერების კარგსა და ცუდ შესაძლებლობაზე. გუდა ლეღვის ნაყოფში ყვავილთა სქესების განვითარება კი ბევრად დამოკიდებულია თვით ხის კვების პირობებზე, საერთოდ მისი განვითარების პირობებზე, რაც დაკავშირებულია გარემო კომპლექსთან; ამიტომაა, რომ გუდა ლეღვის ნაყოფი წლიდან-წელში, ხან ნორმალურ განვითარებას და სიმწიფეს აღწევს და ხან კი მოუმწიფებელი, დამჭკნარი ცვივა ხიდან.

თეთრი ლეღვის ნაყოფის მეორე წყება ისახება იმ დროისთვის, როდესაც გუდა ლეღვის ზოგიერთი ნაყოფი კაკლის წენგოს სიმსხოს აღწევს.

ზაფხულის ზოგიერთი ნაყოფი ვითარდება გუდა ლეღვის ნაყოფის საჯდომის იღლიაში, ან წინა წლის ნაზარდზე და ზოგი მიმდინარე წლის ახალ ნაზარდზე, ყლორტებზე; გუდა ლეღვის ზაფხულის სიმწიფის ზოგიერთი ნაყოფი უკვე საგრძნობლად იზრდება და პატარა ღილის სიდიდიდან დაწყებული, თხილის სიმსხო და უფრო დიდებიც ხდება.

ზაფხულის ნაყოფი, გუდა ლეღვის ნაყოფის სიმწიფის შემდეგ 20–25 დღის განმავლობაში, დიდად არ მატულობს სიმსხოში, მხოლოდ შემდეგ უცბად მსხვილდება და იწყებს დამწიფებას.

თეთრი ლეღვის ზაფხულის თანაყვავილი კარგად არის განვითარებული და შედგება დედრობით ყვავილებისგან. ზაფხულის ნაყოფი მწიფდება 15 აგვისტოდან; სიმწიფის პერიოდი გრძელდება ხოლმე სექტემბრის ბოლომდე. სხვადასხვა სიმსხოს ნაყოფი სხვადასხვა დროს მწიფდება. ზაფხულის ნაყოფი უხვად ისახება და თეთრი ლეღვის ძირითად მოსავალს წარმოადგენს.

ზაფხულის მომწიფებული ნაყოფი როგორც წესი, ზოგჯერ თუ კარგი ამინდია, მაღალი ტემპერატურა და მშრალი უნამო ან მცირენამიანი განთიადებია, ხეზევე ჭკნება და ჩამოეკიდება ხოლმე, ცუდ ამინდში კი დამწიფებული ნაყოფი ზედვე ლპება ან მჟავდება. ნორმალურად განვითარებული და მომწიფებული ნაყოფის გულიდან ტკბილი წვენი ცვარად წვეთავს. თეთრი ლეღვის ზაფხულის ნაყოფი თვითნაყოფიერდება, მაგრამ უფრო კარგ შედეგს იძლევა ჯვარედინ განაყოფიერების დროს. ეს იქედან ჩანს, რომ ზაფხულის იზოლირებული ნაყოფი ვერ ვითარდება სათანადოდ, ვერ აღწევს შესაფერ სიმსხოს და სიმწიფის შემდეგ ლპება, იმ დროს როდესაც თავისუფლად (უიზოლაციოდ) მოზარდი ნაყოფი, უფრო კარგად ვითარდება და დამწიფებისას, მომეტებულად, ხეზევე ჭკნება; თუ უამინდობა არ უშლის ხელს და ამის გამო არ ლპება ხეზევე, თეთრი ლეღვი ნაყოფის განვითარების მხრივ, ეიზენის კლასიფიკაციის მიხედვით, ჩვეულებრივ ტიპს მიეკუთვნება, ე. ი. ისეთს, რომელიც როგორც ზაფხულის, ისე გაზაფხულის ნაყოფს, უკაპრიფიგაციოდ იმწიფებს; განსხვავება ისაა, რომ როგორც გაზაფხულის, ისე ზაფხულის ნაყოფის განვითარებაში თვითდამტვერვა ხდება, რის შედეგად საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი მიიღება. თეთრი ლეღვის ზაფხულის ნაყოფი ძლიერ მსხვილია ან საშუალო სიმსხოსი (6,3 – 4,4 სმ), მომრგვალო ფორმისაა. ნაყოფს მოკლე ყელი აქვს, რომელიც ყუნწის მაგიერობას ასრულებს, ხოლო თვით ნაყოფი, ტოტზე მიმაგრებულია პატარა ყუნწით. ყუნწი დაფარულია ტყავისებრი კონსისტენციის მომწვანო-მოყვითალო ქერტლით.

ნაყოფის კანი საკმაოდ თხელია, რომელიც ნაყოფის სრულ სიმწიფისას, ადვილად სცილდება ხორცს. კანის ფერი მოყვითალოა, მომწვანო ზოლებით, გადამწიფებისას კი ლიმონისებრ-ყვითელ ფერს ღებულობს. ნაყოფის გული მოვარდისფრო-მოყვითალოა, საკმაოდ დიდი რაოდენობის თესლით. ზოგი თესლი ძლიერ მსხვილია და ზოგი კი წვრილი. მსხვილი თესლი აღმოცენების უნარისაა, ხოლო წვრილი თესლი აღმოცენების უნარს მოკლებულია. გემოს მიხედვით, თეთრი ლეღვის ნაყოფი, კახეთის ლეღვის სხვა ჯიშებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშთაგანია. მისი ნაყოფიდან დამზადებული ლეღვის ჩირი, შედარებით სხვა ლეღვის ჯიშების ნაყოფიდან დამზადებულ ჩირთან, თავისი სიმსხოთი, მაღალი შაქრიანობით, სინაზით და შეფერვით, ყველაზე უკეთესია (საერთოდ კახეთის ლეღვის ჩირი ცუდი დამზადების გამო მაღალი ხარისხის არ არის. აქ შედარებითაა ნათქვამი) .

თეთრი ლეღვის ნაყოფი საუცხოვო სუფრის ხილია, როგორც გემოთი ისე სილამაზით, სიტკბო-სურნელებით; იგი აგრეთვე საუცხოვო პროდუქციას წარმოადგენს საკონსერვოდ, ცუკატებისა და მურაბების დასამზადებლად. თეთრი ლეღვი წამყვან ჯიშად უნდა იქნეს ცნობილი შუა და ზემო კახეთში და ნაწილობრივ გაღმა მხარეშიც.

მისი უარყოფითი მხარეა ის, რომ შედარებით კახეთის სხვა ადგილობრივ ჯიშებთან, როგორც მაგალითად – ქალაქურასთან და შავ ლეღვთან, მცირემოსავლიანია.

 

წყარო: http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98