ნუშს ახასიათებს აქტიური ზრდა ახალგაზრდა ასაკში, რასაც მოსავლიანობის დაწყების შემდეგ საგრძნობლად ანელებს. ზრდის თავისებურებები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გამოყენებულ საძირეზე.

ნუში, ნუშის საძირეზე უფრო ძლიერად იზრდება, ვიდრე ატამ-ნუშის ჰიბრიდებზე GF667 და სხვ. ნახევრად ნაგალა მიმართულების საძირეებზე – Rootpack და სხვ. ხე შედარებით შეზღუდული ზრდისაა.

დამტვერვა

ნუში ძირითადად ენტომოფილური ჯვარედინმტვერია ან ზოგჯერ თვითმტვე- რია მცენარეა. ჯვარედინმტვერია ჯიშებში ყურადღება ექცევა დამამტვერიანებელი ჯიშების ოპტიმალურ შერჩევას, რადგანაც ნუშის გენოტიპებს მამრობითი მტვრის შეუთავსებლობის მიხედვით აჯგუფებენ გარკვეულ კლასტერებად. მაგ., ჯიშ მონტერეისთვის დამამატვერიანებლად არ არის რეკომენდებული ჯიში ბუტე, რომელიც ჯიში ნონპარეილისთვის ერთ-ერთ საუკეთესო დამამტვერიანებელ პარტნიორს წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე: ნუში – მოყვანის ტექნოლოგია, ბაზრის კვლევა და პერსპექტივა

საგულისხმოა, რომ ევროპული სელექციის უახლესი ჯიშები ძირითადად თვითმტვერია ჯიშებია, მაგრამ უკეთესი მოსავლის მისაღებად უმჯობესია ბაღში რამდენიმე ჯიშის დარგვა მოსავლიანობისა და გამოსავლიანობის ამაღლების მიზნით.

სიმწიფის პერიოდი და მოსავალი

ნუშის მოსავლის აღების პერიოდი საკმაოდ შეზღუდულია და ზოგიერთი ძალიან საგვიანო ჯიშის გარდა (პლანადა, ფრიტცი) ძირითადად იწყება ივლისის დასასრულიდან და მთავრდება სექტემბრში.

ნუშის საშუალო მოსავლიანობა დამოკიდებულია ბაღის კონსტრუქციაზე – სტანდარტულ ბაღებში მოსავალი (გაუტეხავი) შეადგენს 3,0 – 4,5 ტ/ჰა, ხოლო ჩახშირებულ ინტენსიურ ბაღებში შესაძლოა მოსავალმა (გაუტეხავი) 5-6 ტონა/ჰა-ს მიაღწიოს.

იხილეთ აგრეთვე: ნუში – გამრავლება, ბაღის გაშენება, ტექნოლოგიური რუკა

მორფოლოგიური ნიშნები

ხე. ნუშის ხის საშუალო სიმაღლე 4-6 მეტრია, თუმცა ზოგიერთი ეგზემპლარი 10 მ სიმაღლეს აღწევს. ხე ივითარებს როგორც ცენტრალურ ვერტიკალური ზრდის, ასევე ლატერალურ გვერდით ფესვებს, რომლებიც მეტად აქტიურად იზრდება და ხშირად მნიშვნელოვნად სცილდება ხის ვარჯის პროექციას.

ვარჯი. ბუნებრივ პირობებში ნუშის ვარჯი განიერპირამიდულია, გვხვდება ჯიშები ზემოთ ამართული, ნახევრად ამართული და ქვემოთ დაშვებული ტოტებით. ვარჯი შესაძლოა იყოს ჩახშირებულ, ან შედარებით ნაკლებად ჩახშირებული.

შტამბი. ნუშის ხის შტამბი ღია ყავისფერი, ყავისფერი, ან ნაცრისფერია, 10 – 30 სმ დიამეტრის, უხეში, ხაოიანი, ზოგჯერ ზოლებიანი დატალღული ზედაპირით. მისი სიმაღლე ბუნებრივ პირობებში 100 – 130 სმ-ია.

ვეგეტატიური და სანაყოფე ტოტები. ნუში ძირითადად მსხმოიარობს მრავალწლიან სანაყოფე დეზებზე, ზოგიერ ჯიშს ახასიათებს ერთწლიან სანაყოფე ტოტებზე მსხმოიარობაც. სანაყოფე დეზები ისახება მეორე წლის სანაყოფე ტოტებზე, როგორც წესი ზედა კვირტი ყოველთვის ვეგეტატიურია, ხოლო ქვედა კვირტები საყვავილე. ხელსაყრელ პირობებში ზედა ვეგეტა- ტიური კვირტიდან იზრდება ერთწლიანი ყლორტი, რომელიც შემდეგ წელს ასევე ივითარებს სანაყოფე კვირტებს.

ფოთოლი. ნუშის ფოთოლი ფორმით უპირატესად ლანცეტისებურია, თანაფოთოლაკებით, ერთფირფიტიანი, 5-10 სმ სიგრძის. ფოთლის წვერი წაწვეტებული, ან მომრგვალებული ბოლოთი. ფირფიტის ორივე მხარე პრიალა და მწვანე შეფერვისაა. კიდე წვრილად დაკბილური, ან კიდემთლიანი. ყუნწი ძირითადად მოკლე, ან საშუალო სიგრძისაა. რომელზეც განთავსე- ბულია მორგვალებული-სფერული ფორმის 1-4 ცალი ჯირკვალი.

ყვავილი. ნუშის ყვავილი წარმოადგენს ორსქესიან ერთეულ ყვავილს, რომელიც შედგება ბუტკოსა და მრავალრიცხოვანი მტვრიანებისგან. მათ აქვთ უპირატესად თეთრიდან ღია ვარდისფერი შეფერვის ხუთი ცალი გვირგვინის ფურცელი. ყვავილობის ხანგრძლივობა 9-დან 16 დღემდე მერყეობს გენოტიპების შესაბამისად.

ნუშის ყვავილობის დაწყების პერიოდი ერთ-ერთი საადრეოა, სხვა ხეხილოვან კულტურებთან შედარებით. ადრეული ყვავილობის გამო მოსავალი ხშირად ზიანდება საგაზაფხულო საგვიანო წაყინვებით, რაც ამ კულტურის ფართოდ გავრცელების ერთ-ერთ მალიმიტირებელ ფაქტორს წარმოადგენს. საქართველოში, რეგიონების მიხედვით, ნუშის ყვავილობა იწყება თებერვლის მეორე ნახევრიდან და სრულდება მარტში.

წყარო:ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.

ლაშა ხალიშვილი