ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარეა.

მის სამშობლოდ შუა და მცირე აზიას მიიჩნევენ. ნესვი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაღჩეული კულტურაა. მისი ნაყოფი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. ნესვი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს (16-18%-ზე მეტს), სახამებელს, c ვიტამინს (60გ-მდე). მდიდარია ცილებით. შეიცავს ასევე კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს. გამოიყენება როგორც ნედლი, ისე შემჭკნარი და გამხმარი - ე.წ. ნესვის ჩირი. მისგან ამზადებენ მურაბას, ხილფაფას, ცუკატს, მარმელადს, ხდიან წვენს და ამზადებენ “ნესვის თაფლს” - ბექმეზს, რომელშიც შაქრის შემცველობა 60%-ია. თესლის 25-30% საჭმელი ზეთია.

          ნესვის 500-მდე ჯიში არსებობს, ნაყოფი სხვადასხვა ფორმისაა, სფეროსებრით დაწყებული, გველისებრით დამთავრებული. ზომით 3-4 სმ-დან 2 მ-მდეა, წონით - 20 კგ-მდე. კანის შეფერილობაც სხვადასხვაა და რბილობისაც. ყველაზე მეტი და მაღალხარისხოვანი ნესვი შუა აზიის ქვეყნებში მოჰყავთ. იქაური ბაზრები მდიდარია ყოველგვარი სახის ნედლი და ხმელი ხილით. საინტერესოა ადგილობრივი ტექნოლოგიით ნესვის ხმობა: წვნიან, ოღონდ მკვრივრბილობიან ნაყოფს 1-2 დღით აწყობენ თაროებზე, შემდეგ ჭრიან შუაზე, აცლიან თესლს, ნახევრებს 2-3 სმ სისქის ნაჭრებად ანაწევრებენ, აცლიან კანს, აწყობენ ლანგრებზე და გააქვთ მზეზე, მწერებისგან დასაცავად აფარებენ დოლბანდს. 2-3 დღეში საჩირე მასალას აბრუნებენ. ჭკნობა 8-12 დღეს გრძელდება. ფაქტობრივად, ნესვის ჩირი კი არ ხმება, მაქსიმალურად ჭკნება.

 

ნესვის სასარგებლო თვისებები

          ნესვი, გარდა იმისა, რომ გემრიელი და არომატულია, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით არის მდიდარი. ის ბევრი დაავადების წამალია. მას ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის წყაროდაც მიიჩნევენ. ნესვი კიტრის უახლოესი ნათესავია. მისი რბილობის 95% წყალია; შეიცავს შაქარს, კალციუმს, რკინას, თუთიას, ცხიმებს, A, B, C, და P ვიტამინებს, კაჟს. კაჟი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, თავის ტვინის ქერქის, ნერვებისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას. დიდი რაოდენობით რკინის შემცველობის გამო ნესვი ააქტიურებს სისხლის შედედებას, ამიტომ ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია აწუხებს. შეუცვლელია ქალის ორგანიზმისთვის კრიტიკულ დღეებში. ნესვი არ უნდა მიიღონ დიაბეტით დაავადებულებმა და მსუქნებმა, რადგან მასში ბევრია “მძიმე” შაქარი. თუ სამ ნაჭერზე მეტს შეჭამთ, უარყოფითად იმოქმედებს ნაწლავებზე. ნესვში არის ოქროც. გარდა ამისა, მისი რბილობი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია სეროტონინის - “ბედნიერების ჰორმონის” - გამომუშავებას დაეხმაროს, ამიტომ უებარია მათთვის, ვისაც უგუნებობა ან დეპრესია აწუხებს. თუ მოწყენილი ხართ, შეჭამეთ ერთი ნაჭერი ნესვი, შეისუნთქეთ მისი არომატი და გუნება მაშინვე გამოგიკეთდებათ.

ნესვის შემადგენლობაში შედის საკმაოდ ბევრი ვიტამინი და ნიკოტინის მჟავა. კომპლექსურად მათი მოქმედება სამმაგად ეფექტიანია: აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას. კალციუმი აუმჯობესებს ტვინის მუშაობასა და ნივთიერებათა ცვლას. ფოლიუმის მჟავა და რკინა მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს. ჩ და U ვიტამინებს ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, ანუ ხელს უშლის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უჯრედების კვდომას იწვევს. ამრიგად, ნესვი გვიხანგრძლივებს ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას. მიუხედავად რბილობის სუსტი მოქმედებისა, ნესვი შესანიშნავად ახერხებს ნაწლავების გაწმენდას, რაც უმალვე აისახება კანის ფერსა და მდგომარეობაზე. გულმკერდზე ნესვის რბილობის კომპრესი ამცირებს ხველას. თუ ასეთ კომპრესს დაზიანებულ ადგილებზე გაიკეთებთ, მალე მოგიშუშდებათ.

ნესვი კოსმეტიკაში

          როგორც აღვნიშნეთ, ნესვი მდიდარია ვიტამინებით და სილამაზის თავისებური ელექსირია. კოსმეტიკური მიზნით გამოყენებისას კანს სირბილესა და სიგლუვეს ანიჭებს, ტუჩებს - სინორჩეს, თვალებსა და თმას კი - ჯანსაღ ბზინვარებას. ნესვის რბილობისგან ამზადებენ მკვებავ და მატონიზებელ ნიღბებს კანისა და თმისთვის. თუ ნესვის ნიღაბს ერთი თვის, თვე-ნახევრის განმავლობაში რეგულარულად გამოიყენებთ, კანი დაიბრუნებს სიმკვრივეს და მიიღებს თეთრ-მოვარდისფრო ფერს. ნესვს აქვს მათეთრებელი თვისებებიც, ასე რომ, სასარგებლოა მათთვის, ვინც ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს ებრძვის. ნესვის წვენს შეურიეთ იმავე ოდენობის რძე და ამდენივე მინერალური წყალი. ამ ნაზავს მშრალი კანის გასაწმენდად იყენებენ.

          არ გადაყაროთ ნესვის თესლი - ის ძალზე მდიდარია თუთიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საკვებად გამოყენება აუმჯობესებს თმისა და კანის მდგომარეობას. საკმარისია, დღეში 2-5 გრამი ახალი თესლი შეჭამოთ (შეიძლება თაფლთან ერთადაც), რომ გარეგნობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარია ნესვის კანიც. არსებობს უბრალო ხალხური რეცეპტი, რომელიც სილამაზესა და ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ: წვენსაწურში ჩაუშვით ნესვი (თესლითა და კანითურთ) და ნახევარი ჭიქა გამონაწური დააყოლეთ ერთ ულუფა ნესვს. ახალი ქერქი რბილობის მხრიდან დაიდეთ სახეზე 15 წუთით - უბრალო, გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი, სახის დაჭიმვის ეფექტით, მზადაა.

          თუ ზღვაზე გარუჯვა ვერ შეძელით, შეგიძლიათ მზის ეფექტურობა ნესვის დახმარებით გააძლიეროთ. ის შეიცავს ბეტა კაროტინს, რომელსაც შეუძლია ორგანიზმში პიგმენტ მელანინის წარმოქმნას და კანის გამუქებას დაეხმაროს. თანაბარი რუჯის მისაღებად საკმარისია ყოველდღე 300 გ ნესვის მიღება და 1-2 საათი მზეზე ყოფნა.

 

 

ნესვს ზიანის მოყენებაც შეუძლია. მისი მიღება არ შეიძლება:

  • რძის პროდუქტებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, რადგან იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას;
  • მეძუძური დედებისთვის, რადგან ბავშვს შეიძლება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას.
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ნესვი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების დროს.
  • გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს.

 

          კიდევ ერთი უსიამოვნო ასპექტია ის, რომ ნესვში შეიძლება იყოს პესტიციდებისა და ნიტრატების დაშვებულ ნორმაზე მეტი რაოდენობა, განსაკუთრებით, თუ მას სეზონზე ადრე შევიძენთ.

          ნიტრატებისა და პესტიციდების ყველაზე მეტი რაოდენობა კანსა და მისი „კუდის“ არეში გროვდება. ამიტომ ნესვის დაჭრისას კანთან ერთად მინიმუმ ერთი სანტიმეტრი რბილობიც უნდა მოვაჭრათ.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. ნესვი - კალორიულობა, შემადგენლობა, სასარგებლო სა საზიანო თვისებები. იხ. https://sputnik-georgia.com/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.
  2. ნესვი. იხ. https://mkurnali.ge/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.