წარმოშობა: ფრანგული ჯიშია. შემთხვევითი თესლნერგის სახით ნაპოვნია მაროკოში 1936 წელს. სინომიმები და კლონები: ბურლატი ჩ1, ბიგარო ჰატიფ ბურლატი, საადრეო ბურლატი.

გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2002 წელს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და FAO-ს პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში.

მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალოზე ძლიერი ზრდის. ახასიათებს მომრგვალო ფორმის, ნაკლებად ჩახშირებული ვარჯი. ძირითადი ტოტები ნახევრად ვერტიკალური მიმართულების. კანი ღია ყავისფერი ფერის, ხშირი ბურცობებით. ერთწლიანი ყლორტები ნორმალური სიგრძის და სისქის, ოდნავ მოხრილი. კანი - ღია-ყავისფერი. ფოთლის ფირფიტა დიდი ზომის, ოვალური ფორმის, გრძელი, საშუალო სიგანის, მომრგვალო წვერით და კიდე დაკბილული ორმაგხერხკბილად. ყუნწი სუსტი, საშუალო სიგრძის. სანექტრე ჯირკვლები მომრგვალო, მუქი წითელი ფერის. ყვავილი დიდი ზომის გადაშლილი, გვირგვინის ფურცლები საშუალო, ოვალური ფორმის, ერთმანეთის მიმართ თავისუფლად არიან განლაგებული.

ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო, ან საშუალოზე მსხვილი (მასა 7,84 გ). მომრგვალო-მობრტყო ფორმის (2.3X2.4სმ). მუცლის მხარეს მკაფიოდ გამოხატული ღარით. ყუნწი საშუალო (სიგრძე - 3,2-3,6სმ), რომელიც მაგრად ემაგრება ნაყოფს. კანი სრულ სიმწიფეში მუქი წითელი ფერის, თითქმის შავი. საშუალო სისქის. რბილობი წითელი, მკვრივი, წვენი ღია წითელი ფერის. კურკის ზომები - 11.6 X 9.1 მმ, მრგვალი, ბურთისებური ფორმის. გამოხატული ღარით. ადვილად შორდება რბილობს. ნაყოფი ტკბილი, ოდნავ მომჟავო გემოსი. გამოირჩევა კარგი საგემოვნო და სასაქონლო თვისებებით. სადეგუსტაციო შეფასება 4.7 ბალი (5-ბალიანი სისტემით).

მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება - 13.6 -15.1% (Brix); ტიტრული მჟავიანობა - 0.44-0.62 %.

 

ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:

ზრდა და მსხმოიარობა - ჯიშს ახასიათებს ზომიერი განტოტვა. ჩონჩხის და ნახევრად ჩონჩხის ტოტების მკვრივად შეზრდა ცენტრალურ ღეროსთან. ძირითადად მსხმოიარობს, როგორც ერთწლიან ნაზარდებზე, ასევე სანაყოფე თაიგულებზე. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს (საძირეკოლტი). მოსავლიანობა საშუალო, რეგულარული, მაღალი. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 19,4 კგ/ხე.

დამტვერვა - ჯიში არის საადრეო პერიოდის მოყვავილე. ყვავილობს აპრილის პირველ დეკადაში. ყვავილობის ხანგრძლივობა 10-11 დღეა.  თვითსტერილია. საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშებია: ლაპინსი, გედელფინგენი, ვანი.

გამძლეობა მავნებელ-დაავადებების მიმართ -  ჯიში გამძლეობა ძირითადი სოკოვანი დაავადებების მიმართ არის საშუალო. სიმწიფის ფაზაში, წვიმიანი ამინდების პირობებში, ნაყოფები მიდრეკილია დასკდომისკენ.

სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები - საუკეთესო საგემოვნო და ვიზუალური მახასიათებლების მქონე, საადრო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ნაყოფი მწიფდება ივნისის პირველ დეკადაში.

ჯიშის დადებითი თვისებები -  ჯიშს ახასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა (დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხიდან არ ცვივა). ნაყოფის მაღალი ტრანსპორტაბელობა.

ჯიშის უარყოფითი თვისებები - ზოგჯერ წვრილი ნაყოფები, ნაყოფების დასკდომისკენ მიდრეკილება.

ზოგადი შეფასება - ჯიშს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია სამრეწველო მიზნით გავრცელდეს აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, როგორც საადრეო სიმწიფის მაღალხარისხოვანი ჯიში.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://agronews.ge/blis-akhali-jishebi-da-mathi-thaviseburebebi/
  2. http://geworld.ge/ge/%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90/

სოფო ედიშერაშვილი