წარმოშობა: ჯიში ნაპოვნია; ჩეხეთში (ქ. ტეხლოვიცეში). XX საუკუნის 60-იან წლებში თესლნერგის სახით, კომერციულად გავრცელდა ჰოლოვოუსის მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის მიერ 1981 წლიდან.

გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2002 წელს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და FAO-ს პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში.

მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო, ან ძლიერი ზრდის. ვარჯი ნახევრად ზემოთმიმართული ფორმის. ერთწლიანი ყლორტები სწორი, საშუალო სიგრძის, მოკლე მუხლთშორისებით. კანი მოყავისფრომოწითალო შეფერვის, მცირე რაოდენობის ბურცობებით. ფოთლის ფირფიტა დიდი ზომის, მოგრძო-ოვალური ფორმის, მახვილი გრძელი წვერით. კიდის ორმაგახერხკბილა დაკბილვით. ყუნწი სუსტი, საშუალო სიგრძის. სანექტრე ჯირკვლები მომრგვალო, წითელი ფერის. ყვავილი საშუალო ზომის, მომრგვალო ფორმის ფურცლებით, გვირგვინის ფურცლები ერთმანეთის ეხება.

ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი მსხვილი (მასა 8,4-10,1გ), მრგვალი, დამახასიათებელი გულისებრი ფორმის (2.6X2.5სმ). ყუნწი გრძელი (სიგრძე- 4.5 – 4.7 სმ), მშრალი მოწყვეტის, კანი მუქი წითელი, მოშავო ფერში გარდამავალი. კანი არის საშუალო სისქის, ბრწყინავი ელფერის. რბილობი მუქი წითელი, ძალიან მკვრივი, წვნიანი. კურკა ელიფსური ფორმის, საშუალო ზომის (მასა 0.3გ). ნაყოფი მაღალი საგემოვნო თვისებების მქონეა, ძალიან ტკბილი, არომატული. სადეგუსტაციო შეფასება 4.8 ბალი (5-ბალიანი სისტემით).

მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება - 14.6 -16.2% (Brix); ტიტრული მჟავიანობა - 0.62-0.71 %.

 

 

 

ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:

ზრდა და მსხმოიარობა - ჯიშს ახასიათებს საშუალო განტოტვა და ყლორტების განვითარების საშუალო უნარი. ძირითადად მსხმოიარობს, სანაყოფე თაიგულებზე და ერთწლიან ტოტებზე. მოითხოვს ყოველწლიურ გასხვლას ყლორტების ზრდის სტიმულირებისთვის. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს (საძირეკოლტი). მოსავლიანობა რეგულარული, საშუალოზე მაღალი. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 22 – 25 კგ/ხე.

დამტვერვა - ჯიში არის საშუალო პერიოდის მოყვავილე. ყვავილობას იწყებს აპრილის პირველ დეკადაში. (საკონტროლო ჯიშ ბურლატთან შედარებით 4-5 დღით გვიან). ყვავილობის ხანგრძლივობა 10 - 12 დღეა. (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). თვითსტერილია. საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშებია: ფეროვია, ვანი, გედელფინგენი.

გამძლეობა მავნებელ-დაავადებების მიმართ - ჯიში ტოლერანტულია ძირითადი სოკოვანი დაავადებების მიმართ. ნაყოფები ნაკლებად მიდრეკილია დასკდომისკენ.

სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები -  კარგი სასაქონლო და საგემოვნო თვისებების მქონე, საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ნაყოფი მწიფდება ივნისის მესამე დეკადაში და ივლისის დასაწყისში. არაერთდროულად მწიფდება. კრეფა ტარდება რამდენჯემე. დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხეზე დიდხანს ჩერდება, ხიდან არ ცვივა. სამაცივრო პირობებში (0-1 0ჩ) ინახება 1-2 კვირა. ტრანსპორტაბელობის უნარი მაღალი. უნივერსალური დანიშნულეის ჯიშია. გამოიყენება როგორც ნედლი სახით, ასევე გადასამუშავებლად.

ჯიშის დადებითი თვისებები -  უხვი და რეგულარული მსხმოიარობა, კრეფის დროს მშრალი მოწყვეტა, დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხიდან არ ცვივა.

ჯიშის უარყოფითი თვისებები -  ნაყოფების არაერთდროული სიმწიფე. ზოგადი შეფასება. ჯიშს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია სამრეწველო მიზნით გავრცელდეს აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. http://geworld.ge/ge/%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90/
  2. https://agronews.ge/blis-akhali-jishebi-da-mathi-thaviseburebebi/

სოფო ედიშერაშვილი