ჩირის სარგებელი და საფრთხეები: რა უნდა გაითვალისწინოთ

 

          ვაშლის ჩირი შეიცავს თითქმის ყველა აუცილებელ ვიტამინს: A-ს, PP-ს, C-ს, B-ს, B1-ს, ასევე - პექტინს. ვაშლი სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც კი საკვების გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ფინიკი კალორიულობითა და ვიტამინების რაოდენობით ნამდვილი ჩემპიონია. მასში განსაკუთრებით ბევრია ვიტამინი B6 (აუმჯობესებს შრომის უნარს და ყურადღების კონცენტრაციას). კიდევ ერთი: ფინიკში არის ნივთიერება, რომელიც შემადგენლობით ძალიან ჰგავს ასპირინს. ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის რეგულირებას. შავი ქლიავის ჩირი ბალასტური ნივთიერებებითა და B ჯგუფის ვიტამინების სიმრავლით გამოირჩევა. ის აუმჯობესებს ნახშირწყლების ცვლას, ამაღლებს სტრესისადმი ორგანიზმის გამძლეობას. ძალიან უხდება კუჭ-ნაწლავს, თირკმელებსა და გულს. შეკრულობის დროს ძალიან კარგია შავი ქლიავის ჩირის დალბობა და ძილის წინ 100 გრამის მიღება.

 

 

          არსებობს ქლიავის ჩირის დამზადების სპეციალური წესი: საჩირედ გამოიყენება მხოლოდ მწიფე, დაუზიანებელი ნაყოფი, რომელსაც კარგად რეცხავენ და 10-15 წუთის განმავლობაში ფუფქავენ 95-970C ტემპერატურის სოდიან წყალში (50 გ სოდა 10 ლ წყალზე). ეს პროცედურა ნაყოფის კანზე წარმოშობს ძალიან წვრილ ნახეთქებს, საიდანაც წყალს აორთქლება უადვილდება. ამის შემდეგ ქლიავს გაავლებენ ცივ წყალში, გააგრილებენ და ერთ ფენად აწყობენ ხახალზე. მზეზე ხმობისას ქლიავს ხშირად აბრუნებენ. თუ ღუმელში ვახმობთ, ხმობა ტარდება სამ ეტაპად: პირველად - 3-4 საათის განმავლობაში 40-50 გრადუსზე, შემდეგ - 4-5 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, ბოლოს კი მაღალ (60-700C) ტემპერატურაზე. ჩირს ინახავენ მშრალ და ბნელ სათავსოში თავდახურული ჭურჭლით. არსებობს უფრო მარტივი, ყველასათვის ხელმისაწვდომი ხერხიც: ზომიერად მწიფე ნაყოფი ერთ ფენად დავაწყოთ თივადაფენილ თუნუქის ფურცლებზე და შევდგათ ნელთბილ ღუმელში. ცოტა ხნის შემდეგ გამოვიღოთ, გამოვაცალოთ კურკა, ავაცვათ მსხვილ ძაფზე, დავკიდოთ მზეზე, - ისე, ნიავმაც რომ დაჰკრას, - და რამდენიმე დღის განმავლობაში ვახმოთ. ამ წესით შეიძლება სხვა ხილის გახმობაც.

          მსხლის ჩირი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. ლეღვის ჩირი ძალიან უხდება ფარისებრ ჯირკვალს. ხალხური მედიცინა მას ხველების საწინააღმდეგოდაც იყენებს: 5 ცალი ლეღვი ჩავაგდოთ ცხელი რძით სავსე ჭიქაში, გავსრისოთ, მივიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ. გარგარისა და ჭერმის ჩირი ძალიან უხდება გულს. ხელს უწყობს ცხიმების წვას. სასარგებლოა დაბალი ჰემოგლობინის დროს. ძალების აღსადგენად კარგია ასეთი ნარევი: 200 გ ლეღვი, შავი ქლიავი და კურაგა დააქუცმაცეთ, დაუმატეთ 25 გ ნიგოზი, მიიღეთ დილაობით თითო სუფრის კოვზი. ქიშმიში ძალიან სასარგებლოა. მას განსაკუთრებით კარდიოლოგები გვირჩევენ - ის ხომ  მდიდარია გულისათვის სასარგებლო კალიუმით. მაგნიუმის შემცველობის გამო კი მას ნევროპათოლოგებიც უწევენ რეკომენდაციას. ქიშმიშს ურჩევენ ნერვულ და ადვილად აღგზნებად ადამიანებს. ბორის დიდი შემცველობის გამო მას სამკურნალოდ იყენებენ ორთოპედები. ის აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას. ქიშმიშში დიდი რაოდენობითაა მანგანუმი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისთვის. ნუ შეიძენთ ჩირს, თუ მეტისმეტად ხმელია ან ღვინის გემო დაჰკრავს - ეს უხარისხობის ნიშანია, შავი წერტილები კი მწერების მიერ დაბინძურებაზე მიუთითებს.

          როდესაც ახალი ხილი ხელმისაწვდომი არ არის, ჩირი ყოველდღიურ საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების ალტერნატივა ხდება. ჩირი ისევე სასარგებლოა, როგორც ახალი ხილი. მაგალითად, მეოთხედი ჭიქა ქიშმიში შეიცავს კალიუმის ყოველდღიური ნორმის დაახლოებით ექვს პროცენტს – დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ერთი ჭიქა ახალი ყურძნის მარცვლები. ამასთან ჩირი ძალიან მდიდარია უჯრედისით, რაც ხელს უშლის სისხლში შაქრის მკვეთრ მატებას. როგორც კვების ექსპერტი დანიელ გაფენი ამბობს, ჩირი წონაში მატების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

          სპეციალსტები ხაზს უსვამენ, რომ ჩირის ჭამა იდეალურია ვარჯიშის წინ. ირკვევა, რომ ერთი მუჭა ჩირი საჭირო ენერგიით ავსებს ადამიანს. თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვა: ვარჯიშის წინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვათ შავი ქლიავის ჩირი, ვინაიდან მას შეუძლია კუჭის აშლილობის გამოწვევა — უჯრედისის, სორბიტოლისა და შაქრის სპირტის ზემაღალი შემცველობის გამო.

კიდევ ერთი დეტალი, რასაც ჩირის შეძენისას უნდა მიექცეს ყურადღება,  არის სულფიტ-კონსერვანტების შემადგენლობა, რომელსაც ჩირისთვის ხასხასა ფერის მისანიჭებლად იყენებენ. ეს კი სულფიტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში, მაგალითად, ასთმით დაავადებულებში იწვევს ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორებიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი კანზე ან რაიმე უფრო სერიოზული, მაგალითად, ანაფილაქსია. გარდა ამისა, სულფიტებმა შეიძლება მუცლის შებერილობა და კუჭის სპაზმები გამოიწვიოს.

 

ჩირის სასარგებლო თვისებები

 

1.      ჩირი სასარგებლო ნივთიერებების მნიშვნელოვანი წყაროა

ჩირი, იგივე წონის ქორფა ხილთან შედარებით, 3,5-ჯერ მეტი რაოდენობის ვიტამინებს, საკვებ ბოჭკოებსა და მინერალებს შეიცავს.

  1. ჩირი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს

თუ ჩირი გიყვართ, წნევა ვეღარ შეგაშინებთ. ამისათვის განსაკუთრებით სასარგებლო გარგარის ჩირია.

3.       ქლიავის ჩირი კუჭის ერთგული მეგობარია

ქლიავის ჩირი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას. მრავალი მეცნიერის მტკიცებით იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კიბოს პრევენციაშიც. აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებიან ტეხასის აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შავი ქლიავის ჩირის მიღება სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

  1. ჩირი - უჯრედების მამაცი მცველი

ქლიავის ჩირი უამრავ მიკროელემენტს შეიცავს, განსაკუთრებით კი ფენოლებს, რომელიც ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას.

5.      ჩირის დამუშავებისას ხშირად ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ

სპეციალური დამუშავების გარეშე ჩირი მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ შესანახად მას სხვადასხვა ქიმიური საშუალებით ამუშავებენ. ხშირად ამისათვის გოგირდის დიოქსიდი გამოიყენება. გოგირდის დიოქსიდი წარმოებისას იმ სივრცეში თავსდება, სადაც ხილს აშრობენ. აორთქლებული დიოქსიდი გარს ეკვრის ხილს და არ აძლევს მას ფერის შეცვლის საშუალებას.

 

 

       

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. ჩირი და მისი სასარგებლო თვისებები. იხ. https://agrokavkaz.ge/dargebi/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.
  2. ჩირი. იხ. https://planta.ge/articles/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.

 

ქეთი ჯოჯიშვილი