ფორთოხალი –ციტრუსის გვარის ტეგანისებრთა ოჯახის, მრავალწლიანი, მარადმწვანე, საკმაოდ დიდი ხე-მცენარეა, ძლიერ საძირეზე დამყნილი 12 მ-მდე იზრდება, სუსტ საძირეზე – ტრიფოლიატზე დამყნილი ფორთოხლის სიმაღლე 4-6 მეტრამდეა.

ფორთოხლის უდიდესი მწარმოებელია ბრაზილია. მეორე უდიდესი მწარმოებელია აშშ. ფორთოხალი ფართოდაა გავრცელებული ესპანეთში, იტალიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. ფოთოლმცვენი მცენარეებისაგან განსხვავებით ფორთოხალი ფოთლებს მორიგეობით იცვლის მთელი წლის განმავლობაში. იგი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავილობს, მაგრამ ტროპიკულ ქვეყნებში ფორთოხლის ზოგიერთი ჯიში წელიწადში 2-3-ჯერ ყვავილობს. ვეგეტაციურად ნამრავლი მცენარეები (მყნობით გამრავლებული), ნათესარებთან შედარებით, ადრე იწყებენ მსხმოიარობას. მყნობით მიღებული ნერგები პირველ ნაყოფს მე-4-5 წელს იძლევიან, ხოლო სრულ მსხმოიარობაში მე-8 წელს შედიან. თესლით ნამრავლი მცენარეები მსხმოიარობას იწყებენ მე-10 წელს.

        ფორთოხლის ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე – კლიმატზე, საძირეზე, აგროტექნიკასა და სხვა ფაქტორებზე, (ნორმალური აგროტექნიკური მოვლის პირობებში, სიცოცხლის ხანგრძლივობა 80-100 წლამდეა), მათი მოსავლიანობა 45 წლამდე მატულობს, ხოლო შემდეგ მცირდება, ფორთოხლის წარმოებითი მნიშვნელობა 40 წელია. ფორთოხლის ტოტები ეკლიანია ან უეკლო. მათი სიგრძე 2 მ-ს არ აღემატება. ფოთლები -წვრილი, მუქი მწვანე, ყუნწები ვიწრო-ფრთიანი. ნაყოფი მრგვალი ან ოვალური ფორმისაა. მისი კანი ძნელად სცილდება რბილობს.

 

დამოკიდებულება აგროკლიმატურ ფაქტორებთან

        ფორთოხალი სითბოსმოყვარული მცენარეა, ცივ კლიმატურ პირობებში ნაყოფი ვერ ასწრებს მომწიფებას. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ფორთოხლის ვეგეტაცია იწყება, როცა ჰაერის საშ. ტემპერეტურა 10-12°C-ია, ხოლო აქტიური ზრდა 20-25°C-ზე. კრიტიკულ ტემპერატურად ითვლება + 37°C, უფრო მაღალ ტემპერატურაზე ზრდა ჩერდება.

        საქართველოში, ღია გრუნტის პირობებში, მას გააჩნია ორი, იშვიათად სამი ზრდის პერიოდი. პირველი პერიოდი იწყება მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში და გრძელდება ივნისის ბოლომდე, ხოლო მე-2 პერიოდი იწყება აგვისტოს დასაწყისში და გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ფორთოხალი ნაკლებად მომთხოვნია ტენიანობის მიმართ. ნორმალურად ვითარდება როცა ნიადაგის ტენიანობა 75-85%-ია.

ფორთოხალი კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე, ეგუება როგორც მჟავე ისე ტუტე რეაქციის ქვიშნარ და თიხნარ ნიადაგებს, მისი გაშენება არ არის რეკომენდირებული დამლაშებულ ნიადაგებზე.

 

ფორთოხლის ბაღის გაშენება

        ნაკვეთის შერჩევა ხდება სახეობების ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მიკროკლიმატური პირობების გათვალისწინებით: რელიეფის, ზღვის დონიდან სიმაღლის, აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურის, მისი ხანგრძლივობისა და განმეორების პერიოდების, ქარების სიჩქარისა და სხვა ფაქტორების მხედველობაში მიღებით. საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის, რომელიც სუბტროპიკული სარტყლის უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვარზე მდებაროებს, პლანტაციების გასაშენებლად შეიძლება გამოყენებული იქნას თბილი მიკრონაკვეთები: ზღვის სანაპირო ზოლიდან 5-8 კმ დაშორებით, ვაკე ან ფერდობები ზღვის დონიდან 100-400 მ სიმაღლემდე. ტერიტორიის ორგანიზაციისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს რელიეფს. არჩევენ ვაკე და მცირე დაქანების (0-5°), საშუალო დაქანების (5-20°) ფერდობებს, ძლიერ დაქანებული კი 20-30°არ უნდა აღემატებოდეს. საშუალო დაქანების ნაკვეთებზე (5-20°) ფორთოხლის მცენარეს აშენებენ კონტურულად. ამ შემთხვევაში ეროზიული მოვლენების აცილება შესაძლებელია წყალგამყვანი ტერასებით, რომლებიც ეწყობა ერთიმეორისაგან 20-40 მ დაცილებით იმის მიხედვით, თუ როგორი დაქანება აქვს ნაკვეთს. მეტი დაქანების ფართობებზე საჭიროა ტერასების ახლო-ახლოს მოწყობა. მაგალითად თუ ნაკვეთის დაქანება 20° უახლოვდება, წყალგამყვან ტერასებს შორის უნდა იქნეს აღებული 20 მ, 5° დაქანების შემთხვევაში კი 40 მეტრი. ფორთოხლის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5,5-დან 6,0-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ ფორთოხლის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის ფორთოხლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით. ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება.

 

დარგვა

       ფორთოხლის ნერგებს რგავენ შემოდგომაზე – 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ან გაზაფხულზე 25 მარტიდან აპრილის ბოლომდე. შემოდგომაზე დარგვა კარგ შედეგს იძლევა განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც თბილი და ხანგრძლივი შემოდგომა იცის.

        გაზაფხულზე დარგული მცენარეები კი, სუბტროპიკული რაიონებისათვის დამახასიათებელი გვალვების მავნე მოქმედებას განიცდიან. შემოდგომაზე რგვის უარყოფითი მხარე ის არის, რომ შესაძლებელია გამოზამთრების პირველსავე წელს მცენარე ყინვამ დააზიანოს. ყინვების შემთხვევაში დაზიანდება მიწისზედა ნაწილი, რაც პირველსავე წელს სწრაფად აღდგება. 15-30°-მდე დაქანებულ ფერდობებზე ეწყობა ტერასები. ტერასების მოწყობა აუცილებელია ჰორიზონტალების გამოყოფით. ტერასებს შორის ვარდნის სიმაღლე 20°-მდე დაქანებისას 1,25 მეტრია, ხოლო 20-30°-ის დაქანების ფერდობზე ტერასას შორის სიმაღლეთა სხვაობა 1,5 მეტრი.

        ტერასის ვარდნის სიმაღლის მატებასთან ერთად ტერასის სიფართე მცირდება. ტერასებზე მცენარეთა მწკრივების განლაგება ხდება ტერასის კიდიდან ერთი მესამედი მანძილის დაცილებით. მცენარეთა შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 3-3,5 მეტრს, მწკრივთაშორის მანძილი კი 4-5 მეტრს.

ნერგი არ უნდა დაირგოს ღრმად, ან ზერელედ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის მომავალი განვითარებისათვის. ნარგავის ფესვის ყელი 2-3 სმ-ით მაღლა უნდა იქნეს. დარგვის წინ – თუ ნერგი ღია გრუნტშია გამოყვანილი – ფესვებს წინასწარ ამოავლებენ წუნწუხში, ასწორებენ ორმოში დასარგავად და მიწას მოაყრიან, თუ ნერგი პოლიეთილენის პარკებშია გამოყვანილი- დარგვის წინ ფრთხილად შემოაცილებენ აპკს, ნერგს მიწის კომით მოათავსებენ ორმოში შემოაყრიან მიწას, მოტკეპნიან და მორწყავენ, სასურველია მულჩირება. საჭიროა ახალგაზრდა მცენარე საიმედოდ მივაკრათ ჭიგოს, რადგან აუკვრელი ნერგი ქარის დროს ქანაობს, ფესვები ერყევა და ცუდად ვითარდება.

 

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

        ფორთოხლის განოყიერების სისტემაში პირველი ადგილი უკავიათ ორგანულ სასუქებს. ნიადაგში ორგანული ნივთიერებების სიმცირის დროს ადგილი აქვს ყვავილებისა და ნასკვების ინტენსიურ ჩამოცვენას. ნარგაობაში ორგანულ სასუქად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი ყველა ფორმა: ნაკელი, ბიოჰუმუსი, ტორფკომპოსტები, ტორფფეკალური კომპოსტები და სხვა, რომელთა ნორმები ცვალებადობს მცენარის ასაკისა და ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით. ორგანული სასუქები საშუალო ნაყოფიერების ნიადაგებზე შეიტანება 2 წელიწადში ერთხელ; მაღალი ნაყოფიერების მქონე ნიადაგებზე ოთხ – წელიწადში ერთხელ. ტემპერატურის

მკვეთრი ცვალებადობის შემცირების, მოსავლიანობის გადიდების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, ზაფხულში ტენის, ზამთარში სითბოს შენარჩუნების და სხვა მრავალი მიზნით ფართოდ გამოიყენება დამულჩვა მწვანე ორგანული მასით, ტორფით, სიდერატებით, შავი მულჩფირით.

        ახალგაზრდა პლანტაციის დამუშავებულ ზოლში, აგრეთვე მსხმოიარე პლანტაციების მწკრივთაშორისებში, სადაც ნიადაგი დაფარული არაა ხის ვარჯით, საჭიროა შემოდგომაზამთრის სიდერატების თესვა 20 ივლისიდან 15 აგვისტომდე. თუ რაიმე მიზეზის გამო სიდერატები არ დაითესა, მაშინ 1 აგვისტოდან მწკრივთაშორისებში ტოვებენ ბუნებრივ ბალახს, რომელიც ითიბება 30-40 სმ-ის სიმაღლის მიღწევისას. მჟავე რეაქციისა და ჩარეცხილ ნიადაგებზე შემოდგომა-ზამთრის სიდერატებად გამოიყენება: ყვითელი, ლურჯი, თეთრი ხანჭკოლა, ბარდა, ჩიტისფეხა, ხოლო კარბონატული და ტუტე რეაქციის ნიადაგებზე – მუხუდო, ცერცვი, ცერცველა, ცულისპირა.

        მწვანე სასუქების მოყვანა ბაღში ეკონომიურადაც გამართლებულია, რადგან ისინი ნაკელისა და ტორფკომპოსტების ანალოგიურ ეფექტს იძლევიან. მწვანე სასუქებთან ერთად კარგია ჩართული იქნეს ბიოჰუმუსი და ბიოკომპოსტები.

        ბიოჰუმუსი შეიტანება სამ წელიწადში ერთხელ 15-20 ტ/ჰა-ზე. ფორთოხლის პლანტაციების გასანოყიერებლად გამოიყენება მინერალური სასუქები, მიკროელემენტები (ბორი, თუთია, მოლიბდენი, სპილენძი და სხვა) აზოტის მიმართ მაღალ მოთხოვნას ფორთოხლის მცენარეები ამჟღავნებენ ყვავილობის დროს.

        აზოტის ნაკლებობისას ისინი სუსტად ვითარდებიან, აქვთ დაკნინებული შეხედულება, მცირე ზომის, ღია მწვანე შეფერილობის ფოთლები და ტოტები, შემცირებული აქვთ ყვავილებისა და გამონასკვული ნაყოფების რაოდენობა, ასევე მომავალი წლის სანაყოფე კვირტების ჩასახვა. აზოტით ცალმხრივი ჭარბი კვება იწვევს მცენარის გაძლიერებულ ზრდას, ფაშარი ქსოვილების მქონე დიდი ზომის ფოთლებისა და მოუმწიფებელ და უნაყოფო, ე.წ. “სანთელა” ყლორტების განვითარებას, რაც მათი ყინვის, დაავადებების, ავადმყოფობების და მავნებელთა მიმართ გამძლეობის შესუსტებას იწვევს, მცირდება ნაყოფმსხმოიარობაც.

        განვითრებული ნაყოფები ნარინჯისფერის მაგივრად მწვანეა და უხარისხო, ადვილად ლპება. ფოსფორის სიმცირე აფერხებს ზრდა-განვითარებას, ყვავილობასა და ნაყოფმსხმოიარობას. მცენარე ივითარებს მცირე ზომის მუქ-მწვანე ფოთლებს. ამ ელემენტის ძლიერი დეფიციტის პირობებში ყლორტის ქვედა ნაწილში წარმოქმნილი ფოთლები იღებენ ალისფერ შეფერილობას, შემდგომში ფოთოლი მთლიანად ხმება და ცვივა. მკვეთრად მცირდება ან საერთოდ ჩერდება რეპროდუქციული ორგანოების წარმოქმნა, განვითარებული ყვავილები ნაადრევად ცვივა. კალიუმის სიმცირის შემთხვევაში მცენარეები ივითარებენ დიდი რაოდენობით წვრილ ფოთლებს, რომლებზეც შეინიშნება სიმპტომი “კიდეების სიდამწვრე”. განვითარებული ნაყოფები წვრილია, თხელი და სრიალა კანით, მუქი ფერის ლაქებით. მინიმუმამდე ეცემა, მოსავალი, უარესდება ნაყოფების ხარისხი.

 

ფორთოხალი და მისი სასარგებლო თვისებები.

        ფორთოხალი ოდითგანვე ცნობილია არა მარტო თავისი შესანიშნავი გემოს გამო, არამედ თავისი სამკურნალო თვისებებით.ფორთოხლის მირთმევა:

1.ამაღლებს იმუნიტეტს.

2.აუმჯობესებს მადას.

3.ამცირებს დაღლილობას.

4.ამცირებს შეშუპებას.

5.ხელს უწყობს ჭრილობაზე ქსოვილების სწრაფად აღდგენას.

6.ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს, ცხიმების წვას უწყობს ხელს.აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას.(აძლიერებს მსხვილი ნაწლავის მოტორულ ფუნქციას და ამცირებს შლაკების წარმოქმნის პროცესს)

7.ეხმარება ორგანიზმს ჰიპერტონიასთან და ათეროსკლეროზთან ბრძოლაში.

საქართველო ხომ ციტრუსის ქვეყანაა და ახლა სწორედ მისი სეზონია.მიირთვით ბლომად ფორთოხალი და იყავით მუდამ ჯანმრთელი.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. ფორთოხალი და მისი სასარგებლო თვისებები. იხ. https://agrokavkaz.ge/dargebi/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.
  2. ფორთოხლის შვიდი საიდუმლო. იხ. https://planta.ge/articles/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.

ქეთი ჯოჯიშვილი