კურკუმა მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც ტროპიკულ აზიაში, ჩინეთსა და ინდოეთში ხარობს. მას ყვითელ კოჭას და ყვითელ ფესვსაც ეძახიან. კურკუმას სიმაღლე 0,9-1,5 მეტრამდეა, აქვს მოგრძო ფოთლები და ყვითელი ყვავილი, ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები კი მის ფესვშია თავმოყრილი.

სანელებლადაც სწორედ მას იყენებენ. კურკუმას ფესვს ნარინჯისფერი ან მოწითალო-მოყავისფრო გული და უხეში კანი აქვს, გემო – ოდნავ მომწარო, წიწაკისებური, სურნელი – ინგვისა და ფორთოხლისა. მისი ფერი კი მის შემადგენლობაში შემავალი კურკუმინის დამსახურებაა.

       კურკუმას მთავარი მწარმოებელი ინდოეთია. აქ მას ჯერ კიდევ 4000 წლის წინათ იცნობდნენ და სამკურნალო თვისებების გამო წმინდა მცენარედ მოიხსენიებდნენ. კურკუმას ფესვს ახმობენ და ფქვავენ. ის კარის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მას ქსოვილების შესაღებადაც იყენებენ. კურკუმა ფრჩხილებსაც კარგად ღებავს.

 

კურკუმას შემადგენლობა

       კურკუმა უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროტეინების, B2 (რიბოფლავინი), B3 (ნიაცინი), B4 (ქოლინი), B6 (პირიდოქსინი), C, E და K ვიტამინების წყაროა.

       100 გ ნედლი კურკუმას ფესვი 23,9 მგ C ვიტამინს შეიცავს, ეს უკანასკნელი კი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

       კურკუმა მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორებიცაა კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, თუთია და მაგნიუმი. კალიუმი უმთავრეს როლს ასრულებს გულის ფუნქციობაში, არეგულირებს არტერიულ წნევას და ჰიდრატაციას. რკინა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების სინთეზს, აადვილებს დაღლილობისა და სისუსტის დაძლევას.

       კურკუმა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ეთეროვან ზეთებსაც შეიცავს, მაგრამ მის უნიკალურობას მაინც კურკუმინი განაპირობებს. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და იმავდროულად ხელს უწყობს ადგილობრივი ენზიმების ანტიოქსიდანტურ აქტიურობას, ანტიოქსიდანტები კი აძლიერებს იმუნიტეტს და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება, გარდა ამისა, დაბერების პროცესსაც ანელებს.

 

კურკუმა ჯანმრთელობისთვის

       კურკუმას ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო თვისებები უამრავმა კვლევამ დაადასტურა, ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე კურკუმინი კი მას ტკივილგამაყუჩებელ თვისებასაც სძენს.

       კურკუმინი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ეფექტურად ებრძვის ანთებით პროცესებს და ვირუსულ ინფექციებს. კურკუმინი მოლეკულურ დონეზე მოქმედებს და ზღუდავს ანთების გამომწვევ ძირითად მიზეზს, ამიტომ კარგია ქრონიკული ანთების პროფილაქტიკისთვის.

       კურკუმა უხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებით დაავადებს, მაგალითად, კრონის დაავადებას, წყლულოვან კოლიტს. კარგია მუკოვისციდოზის დროსაც. კურკუმა მდიდარია რკინით, ამიტომ ანემიის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, იცავს მას ტოქსიკური ნივთიერებებისგან და აძლიერებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენზიმების სინთეზს. ეს ენზიმები ხელს უწყობს სხეულიდან წიდის გამოდევნას, ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ამცირებს კანცეროგენების მოქმედებას და, შესაბამისად, სიმსივნის წარმოქმნის რისკს.

       აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას, ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონეს და ზრდის კარგი ქოლესტეროლისას, იცავს სისხლძარღვებს ათეროსკლეროზული ფოლაქებისგან, ვიტამინ ბ6-ის წყალობით კი აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის დაწვას და ორგანიზმიდან გამოძევებას.

       არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, აძლიერებს დიაბეტური მედიკამენტების მოქმედებას და ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობას. მოქმედებს ართრიტის, გულძმარვის, ფაღარათის, შებერილობის, უმადობის და სანაღვლე გზების დაავადებათა წინააღმდეგ. აქვს ნაღველმდენი მოქმედება და ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს. კარგია დეპრესიის, ალცჰაიმერის დაავადების დროს. აძლიერებს იმუნურ სისტემას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

       ხელს უწყობს კანის ზედაპირული ანთებითი პროცესების ჩაქრობას და ჭრილობის შეხორცებას. უხდება ფსორიაზს. შესანიშნავი საშუალებაა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.

 

რა ფორმით გვხვდება

       კურკუმა იყიდება როგორც ნედლი ფესვის, ისე სანელებლის სახით – როგორც ცალკე, ისე სხვა სანელებლებთან კომბინაციაშიც. აფთიაქებში მის ფხვნილს, ტაბლეტებს და კაფსულებსაც ნახავთ. დაფქული კურკუმას შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. ის უნდა იყოს 100%-ით ნატურალური, მინარევების გარეშე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი, უმჯობესია, არა ჩინეთში, არამედ ინდოეთში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რომელიმე ქვეყანაში. კაფსულები სასურველია მცენარეული ბოჭკოს ცელულოზისგან იყოს დამზადებული და არა ჟელატინისგან.

 

კურკუმას სამკურნალო თვისებები:

  • აძლიერებს იმუნიტეტს, წარმოადგენს მატონიზირებელ საშუალებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესის რეგულაციას, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში;
  • ასუფთავებს სისხლს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას, სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას, კურკუმა მდიდარია რკინით, ამიტომ შეუცვლელია ანემიის დროს;
  • ხელს უშლის კვანძების წარმოქმნას თავის ტვინის სისხლძარღვებში ალცჰაიმერის დაავადების დროს; სისხლძარღვებს იცავს ათეროსკლეროზისგან; ამაგრებს გულის კუნთს და სასარგებლოა გულის მუშაობისთვის;
  • სისხლში ამცირებს შაქრის რაოდენობას, ეხმარება ორგანიზმს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში;
  • ამცირებს კუჭის მჟავიანობას, ზრდის მადას, კურნავს მეტეორიზმს, ამცირებს ტკბილი და ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას, ორგანიზმს ეხმარება ცილების შეთვისებაში, კარგად მოქმედებს ყაზბობის დროს, კლავს ნაწლავის პარაზიტებს, ნაწლავებს ასუფთავებს ხრწნადი ნარჩენებისგან, ასუფთავებს ზედმეტი ლორწოსგან, ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს, დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკროფლორაზე, ორგანიზმს ეხმარება ტოქსინების გამოყვანაში;
  • გამოიყენება ღვიძლის დაავადებებისას – ჰეპატიტის მკურნალობაში, ალკოჰოლით გამოწვეული ცეროზისას, იცავს ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან;
  • ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში;
  • ეფექტურია კანის დაავადებების დროს: ეგზემა, დამწვრობა, კანის დალურჯებები, ტრავმით გამოწვეული დასიება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. კურკუმა - სანელებელზე მეტი. იხ. https://www.aversi.ge/ka/cnobari/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.
  2. კურკუმა. იხ. https://planta.ge/articles/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.

ქეთი ჯოჯიშვილი