ბოსტნის ისპანახი (ლათ. Spinacia oleracea) - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე. ისპანახი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სასარგებლო მწვანილეული ბოსტნეულია. ისპანახის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთია.

შემადგენლობა - ისპანახი ძალიან სასარგებლო ბოსტნეული კულტურაა. მისი შემადგენლობა: წყალი, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ბოჭკოვანა, სახამებელი, შაქარი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, სპილენძი, მარგანეცი, სელენი;  ვიტამინები: A, B1, B2, B4, B5, B6, B7 B9, C, E, К, PP.

აგროტექნიკა - ისპანახი კარგად იტანს სიცივეს (უძლებს -8°C ყინვას), სწრაფად იზრდება. ტენის მოყვარულია. თესლბრუნვაში ისპანახს იყენებენ, როგორც სითბოს მოყვარული კულტურების წინამორბედს, შეთავსებადია თითქმის ყველა ბოსტნეულ კულტურასთან. როგორც წესი თესავენ შემოდგომასა (სექტემბერი) და ადრე გაზაფხულზე.

ნიადაგი - კარგად მოდის მსუბუქ თიხნარ, კარგია აერაციის, წყალგამტარ და ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე, ღარიბ ნიადაგებზე, შეგიძლიათ შეიტანოთ კომპოსტი (2-3კგ-1მ2-ზე). ნიადაგის მჟავიანობა pH=6.5-7.0 ერთ ადგილზე არ არის სასურველი 3 წელზე მეტ ხანს მოყვანა.

თესვა - თესვის წინ თესლს ალბობენ თბილ წყალში (ოთახის ტემპერატურა) 2 დღით, 3-4 საათში ერთხელ წყალი უნდა ვუცვალოთ, შემდეგ შევამშრალოთ (გაფანტვადი, რომ იყოს თესვისას). რაც შეეხება თესვის სქემას, თესვის წინ ამოვიღოთ 1.5 – 2 სმ-ის ბუდნები (მცირე ორმო); რიგში მცენარეთა შორის მანძილი 7-8 სმ; რიგებს შორის 25-35 სმ; თესვის ნორმა 4-5 გრ.-1მ2-ზე. დათესვის შემდეგ ოდნავ დატკეპნეთ. თესლის გაღვივება 3-40C -ზე, ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა 15-180C. 250C-ზე ზევით ტემპერატურა ისპანახისთვის შეუსაბამოა.

მოვლა - ისპანახის მოვლა ითვალისწინებს გაფხვიერებას, სარეველების მოშორებას, მორწყვას. ორი ნამდვილი ფოთლის ამოსვლის შემდეგ მცენარეები უნდა გავამეჩხროთ, დავტოვოთ საუკეთესოები 12-15 სმ-ის დაშორებით მწკრივში. გაფხვიერება საჭიროა მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, სარეველების მოშორება დაახლოებით 3-4 ჯერ მოგიწევთ. მორწყვა კვირაში საშუალოდ 1-2 ჯერ, კლიმატიდან გამომდინარე, როგორც წესი 3-4 ლიტრი წყალი ერთ გრძივ მეტრზე. კვებას იყენებენ  მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როგორც წესი საკმარისია თესვამდე ნიადაგის დამუშავება.

მოსავალი -  მოსავალს იღებენ 5-8 ფოთლის განვითარებიდან მცენარის აყვავებამდე (მხოლოდ აყვავებამდე). მოსავლის აღება უნდა მოხდეს დილით, მაგრამ არა ტენიანი ფოთლების და საღამოს. ფოთლები აუცილებლად მშრალი უნდა იყოს რომ არ დალპეს. მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა (1.0-1.5კგ-1მ2-ზე). სავეგეტაციო პერიოდი ჯიშების მიხედვით საშუალოდ 30-50 დღე. იმისთვის, რომ მთელი სეზონის განმავლობაში გქონდეთ ისპანახი, რეკომენდირებულია რამდენიმე ეტაპად თესვა 2-3 კვირის ინტერვალით.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.jardineriaon.com/ka/como-cultivar-espinaca.html
  2. https://agrokavkaz.ge/dargebi/mebostneoba/ispanakhi-bostnis-thesva-movla-moqhvana.html

სოფო ედიშერაშვილი