ხურტკმელი ეკლიანი ბუჩქებია.

მორიგეობით განლაგებული 3–5-ფოთოლაკიანი ფოთლები და მტევნებად შეკრებილი ორსქესიანი ყვავილები აქვთ. ნაყოფი ნაირფერი (თეთრი, ყვითელი, მწვანე, წითელი ან შავი), მრავალთესლიანი ცრუ კენკრაა. გვარში გაერთიანებულია 50-მდე სახეობა, რომლებიც ბუნებრივადაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. ყოფილ სსრკ-ში ხურტკმელის სამი სახეობა იზრდებოდა, მათგან საქართველოში 1 —  Grossularia reclinata იზრდება. გვხვდება მთის ზედა სარტყლის ტყეებში, ზღვის დონიდან1500–2000 მ. ეს სახეობა ხურტკმელის მრავალი კულტურული ფორმის წინაპრად ითვლება.

          ხურტკმელი ერთ-ერთი ადრეულა კენკროვანი კულტურაა. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-2–მე-3 წელს. ზრდასრულ ნარგაობათა მოსავლიანობა 25–30 ტ/ჰა აღწევს. ხურტკმელის კენკრა შეიცავს (%-ობით): შაქრებს 8 — 11, ორგანულ მჟავებს 1,2–1,7, პექტინოვან ნივთიერებებს 0,88; C (30– 60 მგ 100 გ წვენში), B6, P ვიტამინებს, A პროვიტამინს (კაროტინი), რკინის მარილებს, ფოსფორს. ხურტკმელის მწიფე და მკვახე კენკრას იყენებენ გადასამუშავებლად (მურაბა, კომპოტი), მწიფეს — საჭმელად (როგორც ნედლად, ისე გაყინულს), აგრეთვე საღვინედ და წვენებისათვის. ცნობილია ხურტკმელის 1500-მდე ჯიში, რომლებიც იყოფა ევროპული და ამერერიკული წარმოშობის ჯიშებად.

          ხურტკმელი 1 მეტრამდე სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, 3-5 ბლაგვნაკვთებიანი, მცირე ზომის – 1-5 სმ სიგანის, ქვედა მხრიდან შებუსვილი ფოთლებით. ფოთლის ქვედა მხარის ძარღვების გაყოლებაზე არსებული ბუსუსები უხეში და მჩხვლეტავია. ბუსუსებიანი ყვავილები მომწვანო ან მოწითალოა და ფოთლების იღლიებში თითო ან წყვილ-წყვილადაა განლაგებული. 1,5 სმ-მდე სიმსხოს ნაყოფი ელიფსური ან მრგვალია, მომწვანო, ყვითელი ან მოწითალო შეფერვით. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი ივლისში მწიფდება, საჭმელად მოუმწიფებელი ნაყოფიც გამოიყენება.

          ბუნებრივად გავრცელებულია ჩვენი ქვეყნის ბევრ რაიონში და კავკასიაში მთის შუა სარტყლისა და სუბალპურ ტყეებში,ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე, მშრალ თხელ ხირხატ ნიადაგებზე. კარგად იტანს გვალვას და სიცივესაც. სინათლის მომთხოვნია. კულტივირებულია ფართოდ, მრავლდება თესლით და ვეგტაციურად – კალმებით, ბუჩქის დაყოფით, ძირკვის ამონაყარს უხვად ინვითარებს.

          ხურტკმელი მრავალწლიანი და უხვნაყოფიანი, კენკროვანი, თაფლოვანი, ეკლიანი ბუჩქია. არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა. საქართველოში ბევრგანაა ბუნებრივად გავრცელებული, კარგად ხარობს ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე, მშრალ, თხელ ხირხატ (ქვიანი და ქვიშიანი) ნიადაგებზე. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვანაირად უწოდებენ: გორგოშა, ეკალხუნწა, ეკალხუნწაი, კუნკრუხელა, კრიკინა, კინკრიჟა, კვრიხი, ორყუნწა, თეთრეკალა, რუსული მოცხარი, ღორღოშინა, ღორღოშო, ურუსი ყურზენ. გამოიყენება როგორც მწიფე, ისე მკვახე ხურტკმელი. ხურტკმელის ნაყოფი შეიცავს 13,5 პროცენტამდე შაქრებს, 2 პროცენტამდე ლიმონის, ვაშლის და სხვა მჟავებს, 1 პროცენტზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს, C, P, B და A ვიტამინებს.

          კენკრის მწიფე ნაყოფი 1,8-3,8 მგ სეროტონინს შეიცავს, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. მომწიფებულ ხურტკმელში ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ორჯერ მეტია, ვიდრე მკვახეში.

          ხურტკმელს ახასიათებს მუბუქი გამხსნელი, ნაღველ და შარდმდენი მოქმედება, ამიტომ ის რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც თირკმლების, შარდის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებები აქვთ. მცენარეს ახასიათებს სისხლდენის შეჩერების, ანთების საწინააღმდებო და, ზოგადად, ორგანიზმის გამაძლიერებელი მოქმედება.

          ხურტკმელის წვენი თაფლთან ერთად სასარგებლოა სისხლნაკლებობის, კანზე გამონაყარის, სისხლჩაქცევების დროს. წვენის გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების მარილების გამოდევნას და ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვინც რადიაციული დასხივება მიიღო – ის ორგანიზმიდან რადიონუკლეიდების გამოყვანაში ეხმარება, ხოლო წყალში გახსნილი (1:2 თანაფარდობით) ხურტკმელის წვენი ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას ეხმარება. მცენარის ფოთლები მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.

          ხურტკმელის ნაყენი, ასევე ცოცხალი ნაყოფი ძალზე ეფექტურია გახანგრძლივებული კლიმაქტერიული სისხლდენისა და მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებისთვის. ხურტკმელი, როგორც ცოცხალი, ისე ნაყენის სახით გამოიყენება ჰიპოვიტამინოზის, ორგანიზმში რკინის, ფოსფორის, სპილენძის ნაკლებობისას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის (მაგალითად, სიმსუქნე), ქრონიკული შეკრულობის, გასტროენტეროკოლიტების, სისხლდენის დროს. მცენარის ნაყოფს ზამთრისთვის ახმობენ, ან ამზადებენ მარინადს ან ჯემს, ასევე ჭყლეტენ, შაქარს აყრიან და ისე ინახავენ. მისგან ასევე ამზადებენ მურაბას, კომპოტს, მარმელადს, ღვინოს და ა.შ.

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. ხურტკმელი და მისი სასარგებლო თვისებები. იხ. https://agrokavkaz.ge/dargebi/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.
  2. ხურტკმელი. იხ. https://planta.ge/articles/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.

ქეთი ჯოჯიშვილი