სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები დაავადებებია.

ისინი თითქმის ყველა კონტინენტზეა გავრცელებული და დიდი ზიანი მოაქვს მეფუტკრეობისათვის. დაავადებული ფუტკრის ოჯახში დიდი რაოდენობით იხოცება ბარტყი, რის გამოც ოჯახი თანდათანობით სუსტდება და მისი პროდუქტიულობა მკვეთრად მცირდება. იქ, სადაც ამ დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები არ ხორციელდება, ყოველწლიურად იღუპება ფუტკრის ოჯახთა 5-10%-ზე მეტი და რამოდენიმე წლის განმავლობაში საფუტკრე ნადგურდება.

მეცნიერებისა და პრაქტიკოსი მეფუტკრეებისათვის ცნობილია ორი სახის სიდამპლე – ევროპული და ამერიკული. ევროპული სიდამპლე (კეთილთვისებიანი სიდამპლეა). ის წარმოადგენს ღია ბარტყის დაავადებას. ავადდება და კვდება 3-4 დღიანი ბარტყი. მისი გამომწვევია ბაქტერია პლუტონი, რომელიც სპორას ვერ იკეთებს და ნაკლებ გამძლეა.

ევროპული სიდამპლის მიმდინარეობას ხშირად სხვა მიკრობები ართულებენ, როგორიცაა – ბაცილუს ალვეი, სტრეპტოკოკუს აპისი, ბაცილუს ორფეუსი და სხვა. ინფექციის გამომწვევ საკვებთან ერთად ხვდება ნაწლავში, იქიდან გადადის ჰემოლიმფაში და იწვევს ორგანიზმის მოწამვლას თავისი ცხოველმყოფელობის პროდუქტებით. ევროპული სიდამპლით ბარტყი ავადდება გაზაფხულზე და ზაფხულში. ინკუბაციური პერიოდი მოიცავს 1,5-3 დღეს. დაავადება მიმდინარეობს ფარული და აშკარა ფორმით. ფარული ფორმის დროს დაავადების გამომწვევი აღინიშნება ფიჭაზე, ჭეოში, თაფლში, მოზრდილი ფუტკრის ორგანიზმში, დედა ფუტკარში, მაგრამ ბარტყის სიკვდილიანობას ადგილი არა აქვს. აშკარა ფორმით მიმდინარეობისას კი ადგილი აქვს ბარტყის სიკვდილიანობას. ავადმყოფი ბარტყი კარგავს მოთეთრო ფერს, ყვითლდება, სეგმენტაციას კარგავს, კანი გამჭვირვალე ხდება, საიდანაც კარგად მოჩანს ბარტყის შუა ნაწლავი გადავსებული მორუხო-მოთეთრო, ან ყვითელი შიგთავსით. ბარტყის სიკვდილის შემდეგ მისი კანი და სხვა ქსოვილები რბილდება, იწყებს ლპობას, ცომისებური ხდება და შეხებისას ადვილად იხევა.

დამპალი მასა შრება და ქერქად გადაიქცევა, მას წელვადობა არ ახასიათებს, უჯრედს არ ეკვრის და ადვილად გამოიტანება უჯრედიდან, ამიტომაც ევროპულ სიდამპლეს კეთილთვისებიანს უწოდებენ. დაავადებულ ბარტყს დასაწყისში სუნი არა აქვს, შემდეგ კი მჟავე სუნს გამოსცემს. ფუტკრის მიერ უჯრედების ამოსუფთავების შემდეგ დედა მასში კვერცხს დებს, რის გამოც ერთი მეორის გვერდით ჩნდება სხვადასხვა ასაკის ბარტყი, რაც იძლევა ჭრელი ბარტყის სურათს. დაავადების სუსტი ფორმით მიმდინარეობისას თითო ფიჭაზე 5-10 ბარტყიანი უჯრედია დაზიანებული, საშუალო სიძლიერის დროს – 10-50, ძლიერი ინფექციისას კი – 50-ზე მეტი ბარტყიანი უჯრედი.

დაავადების მიმდინარეობა ღალიანობის პერიოდში დროებით ქრება და ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე ხელახლა ვითარდება. ამერიკული სიდამპლე – გადაბეჭდილი ბარტყის დაავადებაა, რომელსაც იწვევს მიკრობი ბაცილუს ლარვე. მას შეუძლია სპოროვან ფორმაში გადასვლა, რის გამოც წლების განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. პირველ სამ დღეს ვინაიდან ბარტყი ბაქტერიოციდული თვისების მქონე ფუტკრის რძით იკვებება, ის ამ ასაკში სიდამპლით ვერ დაავადდება. არც შემდეგ დღეებში ავადდება – ღია ბარტყის ნაწლავებში წვენების მჟავე რეაქციის და შაქრების მაღალი კონცენტრაციის (17%) გამო. გადაბეჭდვის შემდეგ მატლები ვერ  იღებენ საკვებს და ცხოვრობენ დაგროვილი საკვების მარაგით, რის გამოც ინვერსიული შაქრის კონცენტრაცია მცირდება 17%-დან 2,5%-მდე. ამიტომაც ინკუბაციური პერიოდი 7 დღემდე გრძელდება, რის შემდეგ იწყება კლინიკური ნიშნების განვითარება და ჩამოყალიბება. გამომწვევი ნაწლავიდან ჰეოლიმფაში გადადის, იქ სწრაფად მრავლდება და 12-24 საათში მთლიანად ორგანიზმში ვრცელდება, ბარტყის ორგანიზმში მიმდინარეობს მორფოლოგიური ცვლილებები, მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგად გამოყოფილი ტოქსინებით ორგანიზმი იწამლება და იწვევს სიკვდილს.

საკვებით გაღარიბებულ ფუტკრის ორგანიზმში გამომწვევები მე-7-10 დღეს გადადიან სპოროვან ფორმაში. მკვდარი ბარტყი ყავისფერია. აქვს სადურგლო წებოს სუნი და წელვადია. გადაბეჭდილ უჯრედებს, რომელშიც მკვდარი ბარტყია, სახურავები ჩაჩხვლეტილი აქვს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბარტყის თავი, რომელიც სახურავს ეხება, ლპობის შედეგად ეშვება უჯრედის ფსკერისაკენ და ქაჩავს სახურავს უჯრედის შიდა მიმართულებით, სახურავი ვერ უძლებს და წყდება. 20-30 დღის დამპალი მასა შრება და მოშავო ფერის ქერქად იქცევა, რომელიც მაგრად ეკვრის უჯრედის ძირს, ან უჯრედის კედელს. ფუტკარს უჯრედიდან მისი გამოტანა არ შეუძლია და ინფექციის წყარო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სკაში რჩება, ამიტომაც ამერიკულ სიდამპლეს „ავთვისებიანს“ უწოდებენ.

ამერიკული სიდამპლის დროსაც აღინიშნება ჭრელი ბარტყი. დაავადება ძირითადად ცხელ ზაფხულში გხვდება. მის განვითარებას ხელს უწყობს ბუდის გადახურება (ევროპულს კი ცივი ამინდები). დაავადებულ ოჯახში მკვეთრად მცირდება ახალგაზრდა ფუტკრის რაოდენობა, დახმარების გარეშე ოჯახი ისპობა, ზოგიერთი მათგანი ზამთრამდე იღუპება, ზოგიერთი კი დაზამთრებაში შესული ფუტკრის სიმცირის გამო ან ვერ გამოიზამთრებს, ან ადრე გაზაფხულიდანვე იწყებს ავადმყოფობის განვითარებას. ასეთ სუსტ ფუტკარს სხვა ოჯახის ფუტკრები, განსაკუთრებით ძლიერი ოჯახები, თავს ესხმიან და ანადგურებენ. დაავადების გავრცელება ოჯახის შიგნით ხდება ფუტკრების, განსაკუთრებით ძიძა ფუტკრების მიერ, რომელებიც ინფიცირებული საკვებით კვებავენ ბარტყს, აგრეთვე ინფიცირებული ინვენტარით, ფიჭებით, ციბრუტით, თაფლით, ჭეოთი, ცვილით, საფარი ტილოებით, დასათბუნებელი მასალით, ტიხარით და ა. შ.

დაავადების გამავრცელებელია ძირითადად მეფუტკრე, რომელიც საფუტკრეში არ იცავს მუშაობის ელემენტარულ წესებს. დაავადებას ავრცელებს აგრეთვე ტკიპები, კრაზანები, მოხეტიალე ფუტკრები, უკონტროლო მთაბარობა, ფუტკრების ყიდვა-გაყიდვა, უცნობი წარმოშობის ნაყრების დაჭერა და სხვა. დიაგნოზი ისმება კლინიკური ნიშნებით, მიკროსკოპული, ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური გამოკვლევებით, რისთვისაც ბარტყიანი ფიჭის ნიმუში (ზომით 10-15 სმ) ფანერის ყუთით, იგზავნება ვეტლაბორატორიაში. პროფილაქტიკის მიზნით უნდა ვიყოლიოთ მხოლოდ ძლიერი, პროდუქტიული ოჯახები. ადრე გაზაფხულზე ისინი უნდა მოვამარაგოთ ჭეოთი და საჭირო რაოდენობის თაფლით. არაკეთილსაიმედო საფუტკრეში გამოვაცხადოთ კარანტინი და ჩავატაროთ სამკურნალო ღონისძიებანი. საფუტკრეში სიდამპლის ლიკვიდაციისათვის საჭიროა განხორციელდეს კომპლექსური ღონისძიებები: მცირე და საშუალო დაავადებული ოჯახების  ინვენტარის დეზინფექცია, ფუტკრის ოჯახების მოვლა-პატრონობის გაუმჯობესება და სხვა. ასევე კლინიკური ნიშნების დადასტურების შემდეგ რეკომენდირებულია  დაავადებული ოჯახების დაწვა.

 

წყარო : futkara.ge ,

               https://agronews.ge/sidample/

სტატიის ავტორი დავით ბზიშვილი