სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

    ქლიავის ჯიში ბლექ ამბერი (Black Amber)

წარმოშობა: ამერიკული სელექციის ჯიშია. გამოყვანილია 1980 წელს კალიფორნიაში (აშშ), ჯ. ვეინბერგერის სასელექციო პროგრამის მიერ ჯიშების ფრიარისა და ქვინ როზას შეჯვარებით.

გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2005 წელს შიდა ქართლის მეხილეთა ასოციაციისა და USAID Agvantage-ს პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში.

მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო ან ძლიერი ზრდის, კომპაქტური პირამიდული ფორმის ვარჯით. ჩონჩხის ტოტების ღეროსთან შეზრდის კუთხე მახვილია. ტოტები ზემოთ მიმართული. ყლორტები – ნახევრად სწორმდგომი, გრძელი, საშუალო სიმსხოსი. კანი – მონაცრისფრო, ყავისფერი. ფოთოლი საშუალო ზომის და მოყვითალო-მომწვანო შეფერვის. ფირფიტა ვიწრო, მოგრძო ელიფსური ფორმის, მომრგვალო წვერით. კიდე – მრგვალადდაკბილული ყუნწი გრძელი, საშუალო სიმსხოსი. ყვავილედში რამდენიმე თეთრი ფერის ყვავილია. ყვავილი საშუალო ზომის მომრგვალო, ერთმანეთზე გადადეული გვირგვინის ფურცლებით.

ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი მსხვილია (მასა 94-110გ). სფეროსებური ფორმის ოდნავ გაბრტყელებული (5.32X4.9სმ). კანი არის მუქი ლურჯი, სრული სიმწიფეში – თითქმის შავი, დაფარულია ინტენსიური ნაფიფქით. რბილობი ყვითელი ფერის, რომელსაც გადაკრავს მოწითალო ელფერი. კონსისტენციაწვნიანი, მკვრივი, ხორციანი, ტკბილი მჟავიანობით, არომატული, კარგი გემოთი. სადეგუსტაციო შეფასება 4.6 ბალი (5-ბალიანი სისტემით). კურკა პატარა (მასა 2.0 – 2.2 გ). მომრგვალო ფორმის, რბილობს ადვილად შორდება.

მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება – 12.0 -12.8% (Brix), ტიტრული მჟავიანობა – 1.16-1.24%.

ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები

ზრდა და მსხმოიარობა. ჯიში ხასიათდება კარგი განტოტვით. მსხმოიარობს როგორც ერთწლიან ნაზარდებზე, ასევე სანაყოფე თაიგულებზე. მსხმოიაობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს (საძირე-იშტარა). მოსავლიანობა რეგულარულია. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 32- 35 კგ/ხე. ჯიში არ არის მომთხოვნი გარემო პირობების მიმართ. საკმაოდ გვალვაგამძლე ჯიშია. ზამთარგამძლეობა საშუალოზე მაღალია.

დამტვერვა. დიპლოიდური ჯიშია, საადრეო პერიოდის მოყვავილე. ყვავილობს მარტის დასასრულს – აპრილის დასაწყისში (საკონტროლო ჯიშ სტენლისთან შედარებით 8-9 დღით ადრე). ყვავილობის პერიოდი ხანგრძლივი – 11-12 დღე (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). თვითსტერილური ჯიშია. ოპტიმალური დამამტვერიანებელი ჯიშებია: ფრიარი, ანჯელენო.

გამძლეობა მავნებელ-დაავადებების მიმართ. ჯიში მიმღებიანია კლასტეროსპოროზის და ნაცრის მიმართ, ზოგჯერ ზიანდება გომოზით.

სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს პირველ დეკადაში (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). ნაყოფი გამოიყენება ძირითადად ნედლად. ჯიშის ტრანსპორტაბელობა მაღალია. სამაცივრე პირობებში ინახება კარგად (2-3 თვე). ერთ-ერთი კარგი საქონლო თვისებების მქონე ჯიშია.

ჯიშის დადებითი თვისებები. ჯიშს ახასიათებს კარგი სასაქონლო მახასიათებლები, რეგულარული მსხმოიარობა და მაღალი ტრანსპორტაბელობა.

ჯიშის უარყოფითი თვისებები. მიდრეკილება სიწვრილისკენ, ნაცრით დაზიანება.

ზოგადი შეფასება. ჯიშს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია გავრცელდეს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში.

წყარო: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე

ლაშა ხალიშვილი