სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

რას ნიშნავს მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა?

მიწა შეიძლება იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შეეცვალოს მიზნობრიობა და გადაყვანილ იქნეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად (და არა პირიქით).

რომელი მიწის ნაკვეთები ექვემდებარება მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას?

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ექვემდებარება სარეკრეაციო ტერიტორიების და ქალაქ თბილისის და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. 

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას არ ექვემდებარება სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების გარეთ მდებარე, საქართველოს მოქალაქეების (კომლების, ოჯახების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათზე მესაკუთრის პირადი საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში. 

რა შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა?

სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა შეიძლება განხორციელდეს: ა) საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში ან/და ბ) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების დასაბუთებული აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში. 

ექვემდებარება თუ არა  მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა საკომპენსაციო თანხის გადახდას?

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი იხდის საკომპენსაციო თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ტერიტორიების ან/და ქალაქ თბილისის და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრებში, საკომპენსაციო თანხა 1 ჰექტარზე იქნება 100 000 ლარი, ხოლო ქალაქ თბილისის და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის - 1 ჰექტარზე 34 001 ლარი.

რომელი ორგანო ახორციელებს მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას?

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 

მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დასაბუთებულობის საკითხის წინასწარი შეფასებისა და ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის შემუშავების მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარე ქმნის სამუშაო ჯგუფს კომისიის სახით, რომელშიც თავად არ მონაწილეობს. 

კომისია განცხადებებს/ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს იხილავს მათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რეგისტრაციის თარიღის მიხედვით,ქრონოლოგიური პრინციპის დაცვით, და დასკვნას ამტკიცებს 10 დღის ვადაში. 

თუ კომისიის მიერ განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის განხილვისას აღმოჩნდა, რომ აუცილებელია, მოპოვებულ იქნეს დამატებითი ინფორმაცია, კომისია შეაჩერებს საკითხის განხილვას. ასეთ შემთხვევაში სააგენტოს შესაბამისი სამსახური დაუყოვნებლივ მოითხოვს განმცხადებლისაგან მიწის მიზნობრივი დანიშნულების შესაცვლელად აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც კომისიას უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში, კომისია მომდევნო სხდომაზე განაახლებს საკითხის განხილვას და უზრუნველყოფს დასკვნის დამტკიცებას. 

კომისიის ნებისმიერი დასკვნა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დასკვნის წარდგენიდან 5 დღის ვადაში. 

რეგისტრაციის წესი და პირობები 

მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;
  • დასაბუთებული განცხადება საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შესახებ, შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით ან იმ უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან დასაბუთებული განცხადება, რომლის საკუთრებაშიც არის მოცემული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
  • საკომპენსაციო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – 50 ლარი (10 დღის). 

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე. 

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში,  სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. 

 დამატებითი ინფორმაცია 

  • თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 
  • ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.