სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

ევროპაში კეთილშობილი დაფნა ცნობილი იყო უძველესი დროიდან.

ის მოხსენებულია ბერძნულ მითოლოგიაში, როგორც ღვთაებრივი მცენარე. დაფნის  თითქმის ყველა ნაწილი შეიცავს ეთეროვან ზეთს, მაგრამ სამრეწველო გამოყენება მხოლოდ მის ფოთლებს აქვს, რომელიც ძველი დროიდანვე იხმარებოდა როგორც სურნელ-სანელებელი: საკონსერვო მრეწველობაში, კულინარიაში და გასტრონომიაში.

დაფნის ტყავისებრი ფოთლები გვალვის ამტანობის მაჩვენებელია, თუმცა მწვანე მასის მოსავალი დიდად არის დამოკიდებული მცენარის ტენით უზრუნველყოფაზე. ტენის დეფიციტის გამო, მინიმუმამდე მცირდება ახალგაზრდა გაუხევებელი ღერო-ფოთლების რაოდენობა და მკვეთრად ეცემა ნედლეულის მოსავალი.

          დაფნა ქვეტყის მცენარეა, რის გამოც ის კარგად იტანს გაფანტულ სინათლეს და ნაწილობრივ დაჩრდილვას. დაფნა უკეთ იტანს ფოთოლმცვენი მფარველი მცენარეების თანაარსებობას.

 

დაფნის გამრავლების წესები

          დაფნა მრავლდება ვეგეტაციურად და გენერაციულად, ე. ი. თესლითაც და მცენარის ნაწილებითაც.

          თესლით გამრავლების დადებითი მხარეები: რეპროდუქციის მაღალი კოეფიციენტი, სიადვილე, შეცვლილი გარემო პირობებისადმი შეგუების უკეთესი უნარი, სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობა და დაავადებებისადმი და მავნებლებისადმი მეტი გამძლეობა. უარყოფითი მხარეა ნარგაობის სიჭრელე და გვიანი მოსავლიანობა.

ვეგეტაციური გამრავლების დადებითი მხარეა - ერთფეროვანი ნამრავლის მიღება და მოსავლიანობაში ადრე შესვლა, უარყოფითი სამუშაოს შესრულების სირთულე და სიძვირე, ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაავადებათა და მავნებელთა გავრცელების მეტი საშიშროება და სხვ.

          ვეგეტაციური გამრავლების სახეებია: ღეროსეული და ფოთლისეული კალმების დაფესვიანება, ტოტების გადაწვენა, ბუჩქის დაყოფა და მყნობა.

          საწარმოო პლანტაციების გასაშენებლად იყენებენ დაფნის თესვას ადგილზე თესვით ან გამოყვანილი თესლნერგის გადარგვას. ამ წესით გაშენებული პლანტაციები მნიშვნელოვანი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების სიჭრელით ხასიათდება.

          დაფნის სადედე და სათესლე პლანტაციების მოსაწყობად სარგავი მასალა აუცილებლად უნდა გამოყვანილ იქნეს ვეგეტაციურად გამრავლების გზით.

 

თესვა

          თესლი სიმწიფეში შედის სექტემბერში და გარემო პირობების, მცენარეთა ბუნების და სხვა მიზეზით შეიძლება გაგრძელდეს დეკემბრის ბოლომდე.

          მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე დაფნა სტრატიფიცირებული თესლით ადრე გაზაფხულზე ითესება. ტენიანი სუბტროპიკული ზონის, თბილი და რბილი ზამთრის პირობებში კი დაფნა ითესება შემოდგომაზე.

          1 ჰექტარი სანერგისთვის საჭიროა 500 კგ სტანდარტული თესლი. შემოდგომით დათესილი თესლი ნიადაგში უნდა დაიფაროს 3-4 სმ სიღრმეზე, ხოლო გაზაფხულზე დათესილი - 5-6 სმ-ზე. თესლი ითესება მწკრივთა შორის 30 სმ-ზე დაცილებულ ღარში 5-6 სმ-ის დაცილებით.

          დაფნის თესლი ტენით უზრუნველყოფის დროს, 8 გრადუსზე იწყებს გაღვივებას, 10-12 გრადუსზე კი - აღმოცენებას. მასიური აღმოცენება იწყება 16-18 გრადუსზე.

 

დაფნის ვეგეტაციური გამრავლება

          ვეგეტაციური გამრავლების ხერხებიდან შესაძლებელია დაფნის გასამრავლებლად გამოვიყენოთ: გადაწვენა, მიწის შემოყრა, ზრდადასრულებული ან ნახევრად მწვანე კალმების დაკალმება და სხვა. გადაწვენით გამრავლებას ძირითადად იყენებენ მეჩხერი პლანტაციების შესავსებად.

          დაფნის კალმების დაფესვიანებასა და მათ შემდგომ ზრდა-განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს ზრდის სტიმულატორი. გარდა ამისა, დაფნის კალმების დაფესვიანებაზე გავლენას ახდენს: სუბსტრატი, კალმის სტადიური მდგომარეობა, ინდივიდის ბუნება, გარემოს ტემპერატურა, დარგვის წესი და სხვა. ერთწლიანი კალმების დამზადების და დარგვის საუკეთესო დროა მარტი-აპრილი, ნახევრად გამერქნებული და მწვანე გაუმერქნებელი კალმებისათვის კი ივლისი-აგვისტო. ერთწლიანი სტანდარტული კალამი 12-15 სმ სიგრძის უნდა იყოს, ჰქონდეს ოთხი კვირტი ფოთლებით.

          დასარგავად მომზადებისას ქვედა ორი ფოთოლი უნდა მოვაშოროთ და დავტოვოთ ოთხი კვირტი ნახევრად შეკვეცილი ორი ზედა ფოთლით. დამზადებული კალამი დახრილად ისე უნდა დავრგოთ, რომ ქვედა ორი კვირტი სუბსტრატში ჩაიფლოს.

          კალმების დასაფესვიანებლად საუკეთესო შედეგს იძლევა წითელმიწა ქვედა უჰუმუსო ფენა, შემდეგ ხავსიანი სილა, გაცრილი კარბონატული ნიადაგი, წმინდა გარეცხილი სილა და სხვ.

 

დაფნის პლანტაციის გაშენება და აგროტექნიკა

          დაფნა უხვ მოსავალს იძლევა ღრმა სახნავი ფენის, საკვები ელემენტებით მდიდარ, საშუალო ან მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგებზე. ის კარგად ეგუება სუსტად განვითარებულ, სხვადასხვა ხარისხით დარეცხილ ხირხატ ნიადაგებსაც.

          ნაკვეთის რელიეფის მიხედვით დაფნა შეიძლება გავაშენოთ ფერდობებზე, ბორცვებზე, ხეობებში და ვაკეებზე. ნიადაგი ძირითადად უნდა დამუშავდეს პლანტაციის გაშენებამდე, გაკულტურებულ ნაკვეთებზე 1- 1.5 თვით, ხოლო ყამირზე 3-4 თვით ადრე, რაც ხელს შეუწყობს მათში ქიმიური და მიკრობიოლოგიური პროცესების გაძლიერებას.  

          პლანტაციის გაშენება შეიძლება ორი წესით: ბუჩქურად და შპალერულად. აქედან უპირატესობა ენიჭება შპალერულს. დაფნის პლანტაციის გაშენება შეიძლება როგორც ნერგით, ასევე თესლის მუდმივ ადგილზე თესვით.

გასხვლა-ფორმირება

          ცნობილია დაფნის გასხვლა - ფორმირების 3 ხერხი: შტამბიანი, ბუჩქური და შპალერული.

          დაფნის პლანტაციის ბუჩქური ან შპალერული წესით გაშენების დროს მცენარეთა გასხვლა-ფორმირება, ბუჩქის გაძლიერების მიზნით, იწყება დარგვიდან მესამე წელს. გასხვლისას ბუჩქები ბაღის მაკრატლით ფესვის ყელიდან 10-15 სმ-ზე იჭრება. გადაჭრის შემდეგ წარმოიქმნება პირველი რიგის ტოტები, რითაც მკვეთრად იზრდება ფოთლის მომცემი ზედაპირი.

          შპალერული წესით გაშენებულ დაფნის პლანტაციაში ნარგავები მეორედ ფესვის ყელიდან 20-25 სმ-ზე უნდა გადაიჭრას. ვარჯის ფორმირება ძირითადად მეორე გასხვლით უნდა დამთავრდეს.

          შპალერულად  გაშენებულ დაფნის პლანტაციებში მოსავალს იღებენ 2 წელიწადში ერთხელ. ბუჩქებზე 5-10 სმ სიმაღლის ერთწლიანი ამონაყარის ნეკი უნდა დარჩეს.

          პლანტაციის ექსპლოატაცია განახლების გარეშე უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მოსავალი არ დაიწყებს შემცირებას და შპალერი მიაღწევს 80-90 სმ სიმაღლეს.

          მოსავლიანობის დაცემისას პლანტაცია ფესვის ყელიდან 20 სმ-ზე მძიმედ უნდა გაისხლას, რის შემდეგ მოსავლის ციკლი კვლავ მეორდება.

 

 დაფნის მავნებელი დაავადებები და მათთან ბრძოლა

          დაფნას საკმაოდ მრავალრიცხოვანი მავნებლები ჰყავს. ზოგიერთი მათგანი მონოფაგია, ზოგიც სხვა სუბტროპიკული მცენარეების საერთო მავნებელია.

          პლანტაციებში და უფრო ნაკლებად სანერგეებში, დაფნას აზიანებს: ფოთოლრწყილა; რბილი, იაპონური და ციტრუსოვანთა ცვილისებრი ცრუფარიანები; ნარინჯოვანთა ყვითელი, მიხაკისფერი, იაპონური ჩხირისებრი ფარიანები; ჩაის ბუგრი; სათბურის თრიბსი და სხვა.

          ბიოპრეპარატებიდან აღნიშნულ მავნებლებზე წარმატებით გამოიყენება დიპელი, ლეპიდენი, ტურინგენი, ბოვერინი და სხვა, ასევე ფარიანებისა და ცრუფარიანების წინააღმდეგ სასარგებლო მწერები.

          დაფნას აზიანებს ფესვის სამხრეთული სიდამპლე, ფილოსტიქოზი, ანთრაქნოზი, ფესვის სიდამპლე და სხვა დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ ბორდოული სითხე, კოლოიდური გოგირდი, აგროკატენა, ფიტოკატენა და სხვა.

 

მოსავალის აღება

          სამრეწველო მიზნით ფოთლის მოკრეფვა იწყება მეოთხე-მეხუთე წელს და სრულ მოსავლიანობას აღწევს მეშვიდე-მერვე წელს. დაფნის ბუჩქოვანი ფორმის საექსპლოატაციო პერიოდი შედარებით ნაკლებია.

          პლანტაციაში მოსავლის აღებას ყოველწლიურად მცენარის 30-40 სმ სიმაღლეზე გადაჭრით აწარმოებენ, სუსტ პლანტაციაში კი 2 წელიწადში ერთხელ.

          მცენარის ერთი და იმავე ადგილზე ხშირი გადაჭრა იწვევს დაკორძებას, რაც საბოლოოდ ძალზე ამცირებს მოსავლიანობას და საერთოდ მცენარეს. ამიტომ ყოველ წელს მოსავლის აღების დროს მცენარეს 5 სმ-ით უფრო მაღალ ჭრიან, სანამ მცენარე 90-100 სმ არ მიაღწევს, შემდეგ კი სასურველია, იგი გადაიჭრას ფესვის ყელიდან 10-15 სმ სიმაღლეზე.

          მორიგეობით ე. ი. ფოთლის კრეფა წლის გამოშვებით კარგ შედეგს იძლევა. მაგალითად თუ ერთ წელს ფოთოლს მოვკრეფთ, მეორე წელს ბუჩქი უნდა გადაიჭრას 30-40 სმ სიამღლეზე. ეს წესი შრომატევადია, მაგრამ ადიდებს მოსავალს და აუმჯობესებს ბუჩქის საერთო მდგომარეობას.

          ფოთლის კრეფა იწყება ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ და გრძელდება გაზაფხულამდე. საქართველოში დაფნის კრეფის საუკეთესო დროა ნოემბრიდან მარტამდე.

          ფოთლები უკეთ შრება აჭრილ ღეროებთან ერთად, დაკიდებულ მდგომარეობაში. გაშრობის დროს ფოთლებს პირდაპირი მზის სხივები არ უნდა ხვდებოდეს, შრობა უკეთესია ჩრდილში ან სიბნელეში.

          თუ ღერო ფოთლებს გაშრობის არათანაბარი პირობები აქვს, ყოველ 3-4 დღეში უნდა გადავაბრუნოთ. ნორმალურ პირობებში შრობა 2-3 კვირაში მთავრდება

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. დაფნის კულტურა, თესვა, გამრავლება, ბაღის გაშენება და აგროტექნიკა.

 იხ. https://agrokavkaz.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 03.05.2022.

  1. დაფნის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია. იხ. https://agrokavkaz.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 02.05.2022.
  2. დაფნის აგროტექნოლოგია. იხ. https://srca.gov.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 03.05.2022.

სტატიის ავტორი ქეთი ჯოჯიშვილი