სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

დაფნა ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა.

მას ფართოდ იყენებენ სახალხო მეურნეობის ბევრ დარგში. დაფნის ხმელი ფოთოლი გამოიყენება კულინარიაში, ფოთლის შემცველი ეთეროვანი ზეთის სურნელება და ქიმიური შედგენილობა აღვიძებს მადას და სასიამოვნო გემოს აძლევს, როგორც ცხელ ისე დაკონსერვებულ საჭმელს. დაფნის ეთეროვან ზეთს ფართოდ იყენებენ პარფიუმერიაში. ცხიმოვანი ზეთები კი დიდ გამოყენებას პოულობს ვეტერინარიაში სამკურნალოდ. აღსანიშნავია, რომ ეთერზეთი მოცემულია მცენარის თითქმის ყველა ნაწილში, განსაკუთრებით მაღალია მისი შემცველობა ფოთლებში -2,5-3,7%. ზეთის შემცველობა ნედლეულში იცვლება მცენარის ასაკის, ჯიშის, კლიმატისა და სხვა პირობების დამოკიდებულებით.

 

          დაფნა საუკეთესო მარადმწვანე დეკორატიული მცენარეა, რეკომენდირებულია ქარსაფარი ნარგაობისათვის და ცოცხალ ღობეებად. მცენარის ძლიერი ფესვთა სისტემის გამო მას ფერდობებზე იყენებენ ეროზიის საწინააღმდეგოდ. მაღალი ყინვაგამძლეობის (-14-16) გამო საქართველოში დაფნას გავრცელების ფართო არეალი გააჩნია, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 300 წელს აღწევს. ზრდის პირობებისა და მოვლის მიხედვით იგი 2-5-მ სიმაღლის ბუჩქს წარმოადგენს, გვხვდება 16-17 მეტრიანი ხეებიც. მისი ბუნებრივი ნაყარი საქართველოში შემორჩენილია ურთას (ხობი) მთაზე.

          გასულ საუკუნეში საქართველოში დაფნა ჩაისა და ციტრუსების შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლიანი კულტურა იყო, იმ პერიოდისათვის მას 6 ათასი ჰექტარი ფართობი ეჭირა, თუმცა 80-იანი წლებიდან დაფნის პროდუქციაზე ფასების ვარდნის გამო სამრეწველო ნარგაობის რაოდენობა თანდათანობით შემცირდა. უკანასკნელ წლებში დაფნის პროდუქციაზე საექსპორტო მოთხოვნილების გაზრდამ ფერმერებს ამ კულტურის მიმართ სერიოზული ინტერესი გაუჩინა.

          დაფნას საკმაოდ მრავალრიცხოვანი მავნებლები ჰყავს. ზოგიერთი მათგანი მონოფაგია, ზოგიც სხვა სუბტროპიკული მცენარეების საერთო მავნებელია.

          დაფნას აზიანებენ სხვადასხვა სახეობის მწუწნავი მავნებლები, რომელთაგან მნიშვნელოვანია: დაფნის  ფოთოლრწყილა, რბილი ცრუფარიანა, ციტრუსოვანთა ცრუფარიანა, იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა, ნარინჯოვანთა ყვითელი ფარიანა, მიხაკისფერი ფარიანა, იაპონური ჩხირისებრი ფარიანა, ჩაის ბუგრი, სათბურის თრიფსი. მღრღნელები: მახრა, ფოთოლხვევიები, მიხაკისფერი იაპონური ღრაჭუნა და სხვა.

          მავნებლებიდან განსაკუთრებით საზიანოა დაფნის ფოთოლრწყილა, რომლის მატლები და ზრდასრული ფორმები აზიანებენ ყველა ხნოვანების დაფნის ხის ნაზ ყლორტებს, წუწნიან წვენს, რის გამოც ფოთლები კარგავენ ნორმალურ ფორმას, იხვევიან კიდეებიდან ან ხუჭუჭდებიან. ფოთლები მოწითალო-ყვითელ ფერს იღებენ. მასობრივად ვლინდება აპრილ-მაისსა და აგვისტო-სექტემბერში.

          დაფნის ფოთოლრწყილას, სათბურის თრიფსის, ჩაის ბუგრის, ფარიანებისა და ცრუფარიანების ახალგაზრდა ფორმების საწინააღმდეგოდ სხურდება: ინსექტიციდების 0,1%-იანი სამუშაო ემულსია. შესხურება უნდა ჩატარდეს მცენარის ყველა მიწისზედა ნაწილის დასველება- გაბანვით.

          დაფნაზე აღნიშნულია შემდეგი სოკოვანი ავადმყოფობები: ფესვის სამხრეთული სიდამპლე, ფილოსტიქოზი, ანთრაქნოზი, ფესვის სიდამპლე და სხვა, რომელთა წინააღმდეგ გამოიყენება დაბალ კონცენტრაციული ხსნარები.

          ბიოპრეპარატებიდან აღნიშნულ მავნებლებზე წარმატებით გამოიყენება დიპელი, ლეპიდენი, ტურინგენი, ბოვერინი და სხვა, ასევე ფარიანებისა და ცრუფარიანების წინააღმდეგ სასარგებლო მწერები.

          დაფნას აზიანებს ფესვის სამხრეთული სიდამპლე, ფილოსტიქოზი, ანთრაქნოზი, ფესვის სიდამპლე და სხვა დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ ბორდოული სითხე, კოლოიდური გოგირდი, აგროკატენა, ფიტოკატენა და სხვა.

          დაფნის ნარგაობაში მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განხორციელდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავლიანობის კლებასთან ერთად უარესდება ფოთლის ხარისხი და კარგავს სასაქონლო სახეს.  

          საბაზრო ლიბერალიზაციის პირობებში დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რეგიონებში სასოფლო სამეურნეო კულტურათა სწორ შერჩევას და მათ ექსპლუატაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ჩაის, ციტრუსების, თხილის გვერდით საპატიო ადგილი სხვა კულტურებმაც უნდა დაიკაონ, მითუმეტეს დაფნის კულტურამ, რომელიც თავისი საექსპორტო და სამრეწველო თვალსაზრისით  მომგებიან დარგად გადაიქცევა. პლანტაციების გაშენებისა და მოვლის მაღალ აგროტექნოლოგიურ ფონზე შესაძლებელია თითოეული ჰექტარიდან მივიღოთ 7-10 ტონა მწვანე მასა, რაც ხმელ ფოთოლზე გადაყვანით 2 ტონას შეადგენს.      

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. დაფნის კულტურა, თესვა, გამრავლება, ბაღის გაშენება და აგროტექნიკა.

 იხ. https://agrokavkaz.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 03.05.2022.

  1. დაფნის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია. იხ. https://agrokavkaz.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 02.05.2022.
  2. დაფნის აგროტექნოლოგია. იხ. https://srca.gov.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 03.05.2022.

ქეთი ჯოჯიშვილი