სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

მოცხარი -  1-2 მეტრი სიმაღლის, ფოთოლმცვენი ბუჩქია, მიეკუთვნება ხურტკმელისებრთა (Grossulariaceae) ოჯახს.

ბუნებაში გვხვდება: შავი მოცხარი (Ribes nigrum), წითელი მოცხარი (Ribes rubrum), თეთრი მოცხარი (Ribes rubrum ‘White Grape). მათ შორის ყველაზე საინტერესოა შავი და წითელი მოცხარი. საკვებად გამოიყნება მოცხარის მწიფე ნაყოფები. მოცხარი მრავალწლიანი ბუჩქია, რომლის ახალი ტოტები წარმოიქმნება ბუჩქის ქვედა ნაწილიდან. ივითარებს ფუნჯა ფესვთა სისტემას, რომელიც ძირითადად განლაგებულია ნიადაგის ზედაპირიდან 10 – 40 სმ-ის სიღრმეზე. შავი მოცხარის ნაყოფები ერთ ბუჩქზე და ერთ მტევანზეც არაერთგვაროვნად მწიფდება, სანაყოფე მტევნის ზედა ნაწილში უფრო მსხილ ნაყოფებს ისხამს, ხოლო მტევნის წვერისკენ ნაყოფები უფრო წვრილია. ნაყოფები უფრო ადრე შემოდის ბუჩქის ფუძესთან, ხოლო გვიან – ბუჩქის კენწეროში.

როგორც წითელი, ასევე შავი მოცხარი ჯიშების მიხედვით, ძირითადად ივნისის მეორე ნახევრიდან ივლისის ბოლომდე მწიფდება. შავი მოცხარი, ნაყოფის ფერის გარდა, წითელი მოცხარისგან მკაფიოდ გამოხატული სპეციფიკური სუნითაც განსხვავდება. მოცხარი ტენის მიმართ მომთხოვნია და წყლით უზრუნველყოფილ, მაგრამ დრენირებულ ნიადაგებს მოითხოვს. მცენარე კარგად ხარობს როგორც მსუბუქ თიხნარ, ასევე ქვიშნარ ნიადაგებზე. მჟავე ნიადაგები მოცხარის გასაშენებლად არ გამოდგება, მაღალი კარბონატების შემცველ ნიადაგებზე კი აღინიშნება მოსავლიანობის შემცირება და მცენარის ზრდაგანვითარების შეზღუდვა.

ჯიშების უმეტესობა თვითგამანაყოფიერებელია, შესაბამისად დამამტვერიანებელი ჯიშების დარგვა საჭირო არ არის, თუმცა ორი ან მეტი ჯიშის დარგვა გაზრდის მოსავალს. მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მეორე წელს. მსხმოიარობს ორ და სამწლიან ტოტებზე. ერთი ბუჩქიდან შესაძლებელია 700-800 გრამი, ხოლო 4-6 წლის ასაკში 2-4 კგ (4-8 ტ/ჰა-ზე) ნაყოფის მიღება. ნაყოფი კენკრაა, საშუალოდ 1 სმ დიამეტრის. ნაყოფში 3-37 თესლია. 1 კგ-ში 330 ნაყოფია. 1000 ცალი თესლის მასა 0,9-1,8 გრამია. ყვავილობს მაის-ივნისში. მწიფდება ივლის-აგვისტოში. მწიფე ნაყოფები ადვილად ცვივა, შესაბამისად საჭიროა დროული მოკრეფა. ფოთოლცვენა იწყება გვიან, ხშირად მცენარე ზამთრამდე მწვანეა. გაზაფხულზე ნიადაგთან ახლოს მდებარე კვირტები ადრე 5°С-ზე იღვიძებენ და  ზრდას იწყებენ. ამ დროს, შესაძლებელია გაზაფხულის ნაგვიანევმა წაყინვებმა დააზიანოს ახლად გაშლილი კვირტები. მოცხარი მაღალი ყინვაამტანობით გამოირჩევა. ბუჩქი 12-15 წელს ცოცხლობს. მაქსიმალურ მოსავალს მეექვსე წელს იძლევა. მოცხარი საქართველოში თითქმის მეტნაკლებად ყველგან არის გავრცელებული, ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებში. მისი გავრცელებისათვის ოპტიმალური ზონაა ზღვის დონიდან 700-1000 მეტრი. მგრძნობიარეა სიცხის მიმართ, კრიტიკულია 38° С-ზე მეტი ტემპერატურა.

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა -  მოცხარის ბაღის გასაშენებლად ნიადაგი უნდა იყოს სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შედგენიულობის, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი. მოცხარი ტენის მოყვარული კულტურაა. კარგად იზრდება და მსხმოიარობს ისეთ ადგილებში, სადაც გრუნტის წყლები ზედაპირულია და დგომის დონე 1 – 1,5 მეტრია. მისთვის მისაღებია ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, საკმაოდ ტენიანი კარგად დრენირებული, კარგი წყალშეკავების უნარის მქონე მსუბუქი თიხნარები. უფრო მსუბუქი ნიადაგები მოითხოვენ დამულჩვას და ირგაციას. მოცხარის გასაშენებლად უფრო კარგია ჩრდილოეთის, ჩრდილო-დასავლეთის და ჩრდილოაღმოსავლეთის ფერდობები. გრილ რეგიონებში დარგვა შესაძლებელია სამხრეთის და სამხრეთდასავლეთის ფერდობებზე მოცხარის წარმოებისათვის საჭირო არე pH 6,0-დან 6,5-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ მოცვის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის მოცვის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის დამუშავება -  ნიადაგის მომზადება პლანტაციის გასაშენებლად. მოცხარის გასაშენებლად ნიადაგის პლანტაჟი არ არის საჭირო. საკმარისია ნიადაგი 30-35 სმ სიღრმეზე მოიხნას. დასარგავად განკუთვნილი ნიადაგი დარგვამდე სულ მცირე 6-7 თვით ადრე უნდა მომზადდეს. ნიადაგის საკვებით უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა ნიადაგის ანალიზი, ნაკვეთი ტოტალური მოქმედების ჰერბიციდების გამოყენებით გასუფთავდეს სარეველებისგან, მოხვნამდე ნიადაგში შეტანილი იქნას ორგანულ-მინერალური სასუქები: 30-40 ტ ნაკელი 1ჰა-ზე და მინერალური სასუქები ნიადაგის ანალიზის მიხედვით (საორიენტაციო დოზა – 90-120 კგ/ჰა აზოტოვანი, 100-120 კგ\ჰა ფოსფოროვანი და 200-240 კგ\ჰა კალიუმიანი სასუქი. დარგვამდე ჩატარდება ნიადაგის 2-3 კულტივაცია, საჭიროების შემთხევაში დაფრეზვა. დასარგავი ადგილი კარგად უნდა იყოს დამუშავებული და გაფხვიერებული.

ნიადაგის მოვლა პლანტაციაში -  მოცხარის დარგვის შემდეგ საჭიროა ნიადაგის სისტემატიური დამუშავება. არ უნდა დავუშვათ ნიადაგის გამკვრივება. დასარევლიანება უარყოფითად მოქმედებს მოცხარის ზრდა-განვითარებასა და მსხმოიარობაზე. ნიადაგს ამუშავებენ შემოდგომაზე, 15-18 სმ სიღრმეზე და ბუჩქების მახლობლად. ყოველ 3 წელიწადში ერთხელ მიზანშეწონილია ნიადაგის უფრო ღრმად დამუშავება 20-25 სმ სიღრმეზე. ზაფხულში რეკომენდირებულია რიგთაშორისების 4-5 ჯერადი კულტივაცია. დადებით შედეგებს იძლევა ნიადაგის დამულჩვა. იგი სარეველებთან ბრძოლის და ნიადაგში ტენის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://agronews.ge/tsitheli-da-shavi-motskhari-_-mo/
  2. https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/motskharis-tsarmoebis-agroteqnologia.html

სოფო ედიშერაშვილი