სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

ბალი (Prunus avium L.)

წარმოშობა და გავრცელება -  ბლის (Prunus avium L.) სახეობა მიეკუთვნება Prunus-ის გვარს და ცერასუსის ქვეგვარს, რომელიც აერთიანებს ევროპასა და აზიაში წარმოშობილ 30-ზე მეტ სახეობას. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობებია P. avium, P.cerasus, P.fruticosa, P.mahaleb, P.Pseudocerasus, რომლებიც ადვილად ეჯვარებიან ერთმანეთს.

ბლის წარმოშობის ადგილის საკითხის შესახებ არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს, თუმცა მორფოლოგიური, გენეტიკური და არქეობოტანიკური მონაცემების შესაბამისად მკვლევარები ძირითადად თანხმდებიან, რომ ამ კულტურის წარმოშობის ცენტრი მოიცავს წინა აზიის ჩრდილოეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს, თუმცა მონათესავე ველური სახეობების ძირითადი კონცენტრაციის ადგილს სამხრეთ კავკასია წარმოადგენს, სადაც საქართველოც მოიაზრება. ბალი  წარმოშობილია შავი ზღვის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე, სადაც მოხდა მისი კულტივირება და შემდგომ გავრცელება ზომიერი კლიმატის ქვეყნებში. ბალის წარმოება ხდება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე,ზომიერი კლიმატის ყველა რეგიონში. მაგრამ ნაკლები ყინვაგამძლეობის გამო მისი სამრეწველო რაიონები შეზღუდულია. ამჟამად მსოფლიოში აწარმოებენ 2 მილიონ ტონამდე ბლის და ალუბლის ნაყოფს. ბლის კულტურის წარმოებაში ლიდერი ქვეყნებია თურქეთი (638 ათასი ტონა) და აშშ (312 ათასი ტონა). ბლის მნიშვნელოვანი მწარმოებელი ქვეყნებია: ირანი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, უკრაინა და სხვა. სამხრეთ ნახევარსფეროდან - ჩილე.

საქართველოში ბალი უძველესი დროიდან მოყავთ. ბლის წარმოებისათვის ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობები არსებობს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. იგი საუკეთესო პროდუქციას იძლევა კახეთში, შიდა ქართლში და ქვემო ქართლში. საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშების წარმოების მაღალი პოტენციალი გააჩნია იმერეთის ქუთაისის, სამტრედიისა და ვანის რაიონებს. ბლის წარმოება საქართველოში ამ ეტაპზე სტაბილურია და 3700–4000 ტონას შეადგენს. საქართველოს ბლის ასორტიმენტი წარმოდგენილია ინტროდუცირებული და ადგილობრივი ჯიშებით. სამრეწველო ბაღებში უპირატესად ინტროდუცირებული ჯიშები გვხვდება, თუმცა ასევე გავრცელებულია ადგილობრივი ქართული ბლების რამდენიმე ჯგუფი - კახა ბალი, გოგრა ბალი, ქართული შავი და სხვ. რომლებსაც ახასიათებთ რბილი კონსისტენცია და მცირე ზომის ნაყოფი. ბლის ძირითადი სამრეწველო რეგიონებია კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და იმერეთი.

კვებითი ღირებულება და გამოყენების მიმართულებები - ბალს, როგორც საადრეო ხილის მაღალი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ნაყოფს, სასარგებლო კვებითი ღირებულება და ტექნოლოგიური დანიშნულება გააჩნია, რაც ძირითადად ნაყოფის ბიოქიმიური შედგენილობით აიხსნება. ნაყოფი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით და მინერალური ელემენტებით. ნაყოფებში ხსნადი მშრალი ნივთიერების შემცველობა 10.8–18.8%-ის ფარგლებში მერყეობს, ორგანული მჟავები-0,3-0,8 %-ია. ბალი ასევე შეიცავს პექტინებს, უჯრედანას, ფართო სპექტრის ვიტამინებს, კაროტინს, კაროტინოიდებს, ანთოციანებს და ა.შ. ნაყოფებში დიდი რაოდენობით აღმოჩენილია მინერალური ნივთიერებებიც-კალიუმი, კალციუმი, ასევე მაგნიუმი. როგორც ცნობილია, ბლის რეგულარული მიღება, ამცირებს ართრიტის წარმოშობის რისკს, ანთებითი პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს ალცჰეიმერის დაავადების, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობის პროცესს. ბლის ნაყოფი ხასიათდება ძვირფასი სადესერტო თვისებებით. მოიხმარება ნედლად, როგორც სასუფრე ხილი, ასევე მაღალხარისხოვანი კომპოტების, მურაბების და წვენების დასამზადებლად. მსხვილნაყოფა ჯიშებისგან მზადდება მაღალხარისხოვანი ჩირი (კერკი).

გარემო ფაქტორების მიმართ დამოკიდებულება :

  • ნიადაგი - ბლის კულტურა მოსავალს იძლევა თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე. კარგად ხარობს მსუბუქი და საშუალო მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე, კარგი წყალგამტარი ქვედა ფენით. კარგად ეგუება კარბონატულ ნიადაგებს. ნიადაგში ტენის სიჭარბე იწვევს ბლის ფესვის ასფიქსიას და გახმობას.
  • ტემპერატურული რეჟიმი - ბალი სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა, ასევე გარკვეულ მოთხოვნას უყენებს ჰაერის ფარდობით ტენიანობას. ვეგეტაციას იწყებს, როდესაც ჰაერის საშუალო დღე–ღამური ტემპერატურის 7–80◦ უდრის. ჯიშების სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის გამო, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 1500-26000◦. ბლის ჯიშები სასურველია გაშენდეს ისეთ ადგილებში, სადაც ზამთრის მინიმალური ტემპერატურა არ ეცემა –23-250◦ -ის ქვევით.
  • ნალექები - ბალი ნახევრად მეზოფიტია. იგი წყლის მიმართ ზომიერი მომთხოვნია. ხანგრძლივი, და ჭარბი ტენიანობა უარყოფით გავლენას ახდენს ჯიშების ზრდა–განვითარებაზე და ნაყოფის ფორმირებაზე, რაც იწვევს ფოთლების და ახალგაზრდა ნაყოფების სიმწიფემდე შეყვითლებას და ჩამოცვენას. სიმწიფის ფაზაში, ნალექების სიჭარბე იწვევს ნაყოფების დასკდომას და გავლენას ახდენს მოსავლის ხარისხზე. ნაყოფის დასკდომის მიმართ მიდრეკილება ცვალებადია ჯიშის და ნალექების რაოდენობის მიხედვით.
  • მავნებელ-დაავადებები - ბალი ხშირად ზიანდება შემდეგი მავნებელ-დაავადებებთ: ალუბლის ხერხია, ალუბლის ხვატარი, ალუბლის ბუზი, ალუბლის ბუგრი, რინქიტი, კურკოვანთა ფოთლების დაფაცხავება (კლასტეროსპოროზი), კურკოვანთა ნაადრევი ხმობა. ნაცრისფერი სიდამპლე, ბაქტერიული კიბო. ვერტიცილიოზი. აღნიშნული მავნებლების და დაავადებების წინაღმდეგ შესაბამის აგროვადებში უნდა გატარდეს მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული მეთოდები.

მორფოლოგიური ნიშნები:

  • ხე - იზრდება 8-15 მ. ზოგჯერ 20 მ-ზე მეტი სიმაღლის. ბალს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ძლიერი ზრდა და სუსტი განტოტვა, რის გამოც იგი ბუნებრივად ღებულობს ლიდერულ-იარუსიან ფორმას.
  • ვარჯი - კარგად განვითარებული. შედარებით მეჩხერი. ვარჯში ტოტები იარუსებად არის განლაგებული. ჩონჩხის და ნახევრად ჩონჩხის ტოტები შედარებით მცირე რაოდენობის, რომლებიც მკვრივად არის შეზრდილი ცენტრალურ ღეროსთან.
  • ვეგეტატიური და სანაყოფე ტოტები - ბალი მსხმოიარობს სანაყოფე თაიგულებზე და ასევე ერთწლიან ტოტებზე, სრულ მსხმოიარე ხე ძირითადად ივითარებს სანაყოფე თაიგულებს და მცირე რაოდენობით ერთწლიან ტოტებს. თაიგულის ტიპის ტოტებზე მხოლოდ ერთი კვირტია საზრდელი, საიდანაც ვითარდება 5-6 ფოთოლი, რომელთა უბეში ისახება სანაყოფე კვირტები.
  • ფოთოლი - მარტივია, ფირფიტა დიდი ზომის (სიგრძე-10-15 სმ, სიგანე-5 სმ), გულისებრი, ან ოვალური ფორმის. წამახვილებული წვერით. ყუნწი სხვადასხვა სიგრძის (მოკლე, საშუალო, გრძელი). ყუნწთან აქვს ერთი, ან რამდენიმე სხვადასხვა ფორმის და შეფერვის ჯირკლები.
  • ყვავილი - არის რთული - ყვავილედი, ორ სქესიანი (1 ბუტკო და 16-20 - მტვრიანა) ქოლგის ტიპის, თეთრი ფერის გვირგვინის ფურცლებით. სანაყოფე კვირტები არის მარტივი და შეიცავს მხოლოდ ყვავილის ჩანასახს. კვირტები განლაგებულია ჯგუფურად. ახასიათებს მძინარა და ადვენტური კვირტები.

 

 

ნაყოფის სასაქონლო და პომოლოგიური ნიშნები:

  • ნაყოფი - ნამდვილი, მარტივი კურკანა. ნაყოფის შეფერვით და რბილობის კონსისტენციის მიხედვით ჯიშებს აჯგუფებენ მკვრივ რბილობიან - ბიგარო, რომლის რბილობი მკვრივია, კარგად იტანს ტრანსპორტს და შედარებით შენახვისუნარიანია და რბილ რბილობიან ჯიშებად - გინი, რომლის რბილობი ნაზია და წვნიანი, ასეთი ჯიშები ვერ იტანს ტრანსპორტირებას და შენახვის უნარიც დაბალი აქვს. ბლის ჯიშები ნაყოფები მასის მიხედვით არის ძალიან მსხვილი, მსხვილი, საშუალო და წვრილი. ნაყოფის ფორმა - გულისებრი, მომრგვალო, ელიფსური, შებრტყელებულ ნაყოფიანი ჯიშები (ნაყოფის დიამეტრი 16 – 24 მმ). ნაყოფს მუცლის მხარეს ხშირად აქვთ საშუალო სიღრმის და სიგანის ღარი, რომელიც ნაყოფს ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. ნაყოფის კანის შეფერვა - ყვითელი, ყვითელი მოვარდისფრო შეფერვით, წითელი, ღია წითელი, მუქი წითელი ფერის. სისქის მიხედვით - თხელი, საშუალო, სქელი. რბილობის ფერი - კრემისფერი, ყვითელი, ვარდისფერი, ღია წითელი, მუქი წითელი, ღია ვარდისფერი. ბლის ჯიშები ყუნწის სიგრძის მიხედვით არის გრძელ ყუნწიანი, საშუალო და მოკლე ყუნწიანი (2.7-5.5სმ). კურკა სიდიდის მიხედვით შეიძლება იყოს მსხვილი, საშუალო, წვრილი (1.8- 2.2გ). ფორმით - ელიფსური, მრგვალი. მნიშვნელოვანი პომოლოგიური ნიშანია წიბოს მოყვანილობა და რბილობიდან კურკის მოცილების უნარი.

ბიოლოგიური თავისებურებები:

  • ზრდა და მსხმოიარობა - ბალი ცოცხლობს 50-70 წელი. კომერციული ნარგაობის საექსპლოატაციო ხანგრძლივობა - 25-35 წელია. ბალს ახასიათებს ძლიერი ზრდა, თუმცა აღნიშნული მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საძირეების გამოყენებაზე. ჯიშები, ძლიერ საძირეებზე, მოსავალს იძლევა დარგვიდან მე-4-6 წელს, ხოლო ნაგალა საძირეებზზე - მე-2-3 წელს. მეწლეობა არ ახასიათებს. ბლის ჯიშები ხასიათდება ყლორტების წარმოქმნის სუსტი და კვირტების გაღვიძების კარგი უნარით. მიწისზედა ნაწილის ზომის და ყლორტის წარმოქმნის უნარის მიხედვით ბლის ჯიშები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: სუსტი ზრდის ჯიშები, სუსტი და ზომიერი განტოტვით. მათ ახასიათებთ მეჩხერი ვარჯი და ჩონჩხის და ნახევრად ჩონჩხის ტოტების მკვრივი შეზრდა ცენტრალურ ღეროსთან; საშუალო ზრდის სიძლიერის ჯიშები - საშუალო, ან ძლიერი განტოტვით. ამ ჯიშებს ახასიათებთ ვარჯის ჩახშირება და სრულ მსხმოიარობაში შესვლის დროს შემმოსავი ტოტების ხმობა. ძლიერ მოზარდი ჯიშები, რომლების ხასიათდებიან მიწისზედა ნაწილის ძლიერი ზრდით და კარგი განტოტვის უნარით.
  • დამტვერვა - ბლის ჯიშების უმეტესობა თვითსტერილია, თუმცა გვხვდება თვითდამტვერავი ჯიშებიც. ნებისმიერ შემთხვევაში მაღალი და მყარი მოსავლის მისაღებად ბლის ჯიშები მოითხოვენ ჯვარედინ დამტვერვას. სიმწიფის პერიოდი და მოსავალი. ბლის სიმწიფის პერიოდი მოიცავს მაისის დასაწყისიდან ივლისის ბოლოს. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 12 - 15 ტ/ჰა-ს შეადგენს, ხოლო თანამედროვე ინტენსიურ ბაღებში - 20 - 25 ტ/ჰა-ს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://drive.google.com/file/d/16QFPZzLFTqyz_-OCvv9y2VqLoI1tEU4E/view
  2. https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/bali-dargva-gaskhvla-phormireba-baghis-gasheneba-ramdenime-jishi.html

 

 სოფო ედიშერაშვილი