სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

ვარდისებრთა ოჯახის 1-4 სიმაღლის გაფარჩხულეკლებიანი ბუჩქია. ქიზიყში – მურაკი ჰქვია; სულხან-საბა–ორბელიანის მიხედვით – კვინჩხი, კვიჩხი. ელიფსური ან უკუკვერცხისებრი, კიდედაკბილული ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ნორჩი ფოთლები მოკლე ბუსუსებითაა შემოსილი. ზრდასრული კი შიშველია. ჰყვავის თეთრი ყვავილებით მარტ-აპრილში შეფოთვლამდე. ყვავილები სათითაოდ, იშვიათად ორ-ორი ერთადაა განლაგებული.

1-5 სმ სიმსხო მოლურჯო შავი სფეროსებრი ან ოვალური კურკიანა ნაყოფების რბილობი მწვანეა, რომელთა მომწიფება აგვისტოში იწყება, მაგრამ ბუჩქებზე ზამთრამდე რჩება. მწკლარტე გემოს გამო ნაყოფს საჭმელად არც თუ ხშირად იყენებენ, მაგრამ ყინვანაკრავი ფრიად სასიამოვნო მჟავე გემოსია.

საქართველოში გავრცელებულია ყველგან, უფრო ხშირად კი აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 1600-მდე და ზოგან ბევრად მაღლაც. მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყით და ძირკვის ამონაყარით. შესანიშნავი ბუჩქია ეროზიის საწინააღმდეგო ტყის ზოლებისა თუ მასობრივი ნარგაობისათვის, განსაკუთრებით ხევ-ხრამების გასამაგრებლად. ძალიან სასარგებლო ბუჩქია სხვა მხრივაც. ფოთლებს ჩაის სუროგატად იყენებენ. ნაყოფისაგან ამზადებენ ძმარს, ხდიან არაყს. ნაყოფს წვენი და ნაცარტუტაში (ნაცარწმენდილში) მოხარშული ქერქი ტილოს ქსოვილის წითლად შესაღებად იხმარება. ყვავილები, ფესვები და ქერქი სამკურნალოდ გამოიყენება ხალხში როგორც მსუბუქად გამხსნელი და კბილის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება.

 

ნაყოფი 8%-მდე შაქრებს (ლევულეზსა და საქაროზას) შეიცავს, მასშივეა 2,5%-მდე მჟავეები (უპირატესად ვაშლის მჟავა), 1%-მდე პექტინები და 1,5%-ზე მეტი მთრიმლავი ნივთიერებები, ვიტამინი C; ნაყოფებისაგან ამზადებენ მურაბას, კომპოტს, ბურახს, წვნიან კერძებს უმატებენ სიმჟავის მოსამატებლად. ფოთლებთან ერთად შემწვარი ნაყოფისაგან ყავის სუროგატი მზადდება. საფრანგეთში მოუმწიფებელი ნაყოფების მწნილს ამზადებენ როგორც ზეთისხილის შემცვლელს. ნაყოფის წვენს შემკვრელ საშუალებად იყენებენ. ყვავილების სპირტზე ნაყენი მსუბუქად გამხსნელი დანიშნულებისაა. კურკა შეიცავს შხამიან გლიკოზიდ ამიგდალინს, ამიტომ საჭმელად იგი უვარგისია. ფოთლებში 200 მგ-მდე ვიტამინ C-ს შემცველობაა აღნიშნული. ქერქისა და მერქანის გამოყენება შეიძლება ტყის გასათრიმლავად. გარდა ზემოთ აღნიშნული წითელი საღებავისა, ნაყოფის წვენითა და ფესვებით შეიძლება ქსოვილების მწვანედ, ყვითლად, ყავისფრად და ნაცრისფრად შეღებვა. საუცხოო საკვები რეზერვია გარეული ფრინველებისა და ფაუნის სხვა წარმომადგენლებისათვის.

სოფო ედიშერაშვილი