სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

ნუში ეკუთვნის ვარდყვავილოვანთა ოჯახს და ტყემლისებრთა ქვეოჯახს.

ნუშის გვარში გაერთიანებულია 40-ზე მეტი სახეობა. საქართველოში ცნობილია ნუშის ადგილობრივი ჯიშები, როგორიცაა: გუკა, შირაქულა, ძეგვური, შაქარა, თხელნაჭუჭა, ლისი და სხვ. მეტად პერსპექტიულად ითვლება ნუშის გარეული სახეობა, ქართული ნაგალა ნუში-Amygdalus georgica, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია გავრცელებული, ძირითადად კი გვხვდება ტირიფონაზე, ნადარბაზევის ქედზე, ალაზნის, სამგორისა და უდაბნოს ველზე. ნუში შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, ადრე ყვავილობის გამო იგი ფუტკრისათვის კარგ საკვებ ბაზას წარმოადგებს.

ნუშის ხის ოპტიმალური სიმაღლე 8 მეტრამდე აღწევს. მისი ფოთლები წააგავს ატმის ფოთლებს, რომლებიც მოკლე ლანცეტისებრია. ყუნწი მოკლეა, ფოთლის ფუძესთან აქვს 2-4 ჯირკვალი. ვარჯი სხვადასხვაგვარია, მეტწილად არასწორი, ხანდახან განიერპირამიდული. ფოთლის ფორმის მიხედვით არჩევენ ტკბილ, საშუალო და მწარე გემოს ნუშის ჯიშებს.

მისი ნაყოფი კურკაა, რომელიც მოთავსებულია მწვანე ან ღია მწვანე შეფერვის შებუსვილ ნაყოფგარემოში, რომელიც ნაყოფის სიმწიფის პერიოდში სკდება ნაწიბურის მხრიდან და ნაყოფი თავისუფლდება კანისაგან. იმ ნაყოფს, რომელიც ვერ ასწრებს დამწიფებას ნაყოფგარემო შედარებით თხელი სისქის ვითარდება და სრული სიმწიფის დროსაც კურკას ძნელად სცილდება. ამიტომ პლანტაციების გაშენების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კულტურის მისწრაფება ოპტიმალური განათებულობისადმი.

გული გემოს მიხედვით დაყოფილია 3 ჯგუფად: კარგი, საშუალო და მდარე გემოსი. უმეტესობას კარგი და სასიამოვნო გემო აქვს, ზოგიერთ ჯიშში აშკარად შესამჩნევია შაქრის მეტი შემცველობა, ზოგს კი ოდნავ სიმწარე და მწარე არომატიც აქვს, მაგრამ მწარე არ არის თუ დამძაღებული არ არის.

ნუშის ნაყოფის თანამედროვე სტანდარტის გარდა, სამრეწველო ასორტიმენტში, აგრონომიული თვალსაზრისით ნუშის ჯიში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ნაჭუჭი უნდა იყოს თხელი, რბილი, ფხვიერი ან სტანდარტული ტიპის. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია მაგარნაჭუჭიანი ჯიში, როგორც უხვმოსავლიანი.

გულის გამოსავალი უნდა შეადგენდეს 40%-დან 65-70%-მდე, ხოლო ზეთის შემცველობა არანაკლებ 45-50%-ისა მშრალ ნივთიერებაზე გადაყვანით. გემო უნდა ჰქონდეს კარგი და სასიამოვნო. საქართველოში გავრცელებული ჯიშებიდან პერსპექტიულად ითვლება საგურამოს 135, თბილისის 204, სოღანლუღის 172 და 209, მცხეთის 80 და 207 (ლაშხაური), ხირსის 175, ნიჩბისის 87, კოდის 144, საბურთალოს ნუში და სხვ.

რაც შეეხება  ნუშის ეკოლოგიას, ნაყოფი ხასიათდება განსხვავებული ფორმებით, ძირითადად მრგვალი, კონუსისებური ან ოვალურია, მსხვილი და ბლაგვი წვერით. ნაჭუჭი სხვადასხვა სისქისა და სიმკვრივისაა, რომელშიც მოთავსებულია გული, რომელიც დაფარულია ღია-მოყავისფრო კანით. კანგაცლილი ნუშის გული მოგრძო-მომრგვალოა და თეთრი ფერისაა. ნუში, სხვა კაკლოვან კულტურებთან შედარებით, უფრო მეტ სითბოს მოითხოვს და მეტი სიმშრალის ამტანია. იგი ფართოდაა გავრცელებული და გამოიყენება როგორც ნედლ ხილად-ნუგბარად, ისე საკონდიტრო მრეწველობაში და მედიცინაში. განსაკუთრებით ძვირფასია ნუშის ზეთი, რომელსაც მრავალმხრივი გამოყებნება აქვს.

ჩვეულებრივი ნუში ეკუთვნის საშუალო სიმაღლის მრავალწლოვან ფოთოლმცვივან ხე-მცენარეს, ვარჯის დამახასიათებელი ფორმა განიერპირამიდულია, ფოთოლი ლანცეტისებრია, ფოთოლთასიანი, წვრილად დაკბილული კიდეებითა და პატარა ყუნწებით. ნაყოფი კურკაა, რომელიც მოთავსებულია მწვანე მშრალ ნაყოფგარემოში – ლენჯოში, რომელიც მოფენილია ნაცრისფერი ხავერდოვანი ბუსუსებით. ნუშის დამწიფებისას ნაყოფგარემო სკდება, კურკა მას მთლიანად სცილდება და ძირს ვარდება.

ნუშის ნაჭუჭი სხვადასხვა სისქის არის – 0,5-დან 5 მმ-მდე და სხვადასხვა სიმაგრის, ზოგი სიფრიფანა და ზოგიც ისეთი მაგარი, რომ ჩაქუჩითაც ძნელად ტყდება. სხვადასხვა კაკლოვნების ნაყოფებთან შედარებით, გარჩეულ ნუშზე 21-ე საუკუნის დასაწყისიდან საერთაშორისო ფასები განსაკუთრებით გაიზარდა, მიუხედავად ზოგიერთი ქვეყნის მოსავლიანი წლებისა და დონისა. ნუშის საქართველოდან ექსპორტისათვის საჭიროა პროდუქციას ჰქონდეს საერთაშორისო სერთიფიკატი Global GAP.

ნუშის ხე ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას, ზრდასრული ხის ფესვები დაახლოებით 6 მეტრამდე ჩადის ნიადაგში და ვრცელდება ჰორიზონტალურადაც. ფესვის განვითარების ასეთი სიღრმე და სიგანე ნუშს საშუალებას აძლევს გამოიყენოს საკვები ელემენტების და წყლის ის უმცირესი მარაგიც კი, რომელიც სხვა მსგავსი კულტურებისათვის შესაძლოა მიუწვდომელი იყოს. ამ მხრივ ის ძალიან გავს ფსტას, რომელიც ანალოგიურ ფესვთა სისტემას ივითარებს. ეს თვისება მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ კულტურების გვალვაგამძლეობას. ნუში კარგად ვითარდება კირით მდიდარ ნიადაგებზე, ასევე კარგად ვითარდედა მცირედ დამლაშებულ ნიადაგებზეც, რამაც განაპირობა მისი ალაზნის ველზე გავრცელება.

ნუშის თავისებურებას წარმოადგენს მისი ძალზე ადრეული ყვავილობა, რაც დაკავშირებულია მისი მოკლე ბუნებრივი დასვენების პერიოდთან. რეგენერაცია და ყვავილობა ხშირ შემთხვევაში დაბალი ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობს, ყვაილობის პერიოდიც გახანგრძლივებულია და 2 კვირამდე გრძელდება. ამიტომ ნუში ითვლება შედარებით ყინვაგამძლე მცენარედ, რადგან მას შეუძლია გადაიტანოს ტემპერატურის ხანმოკლე დაცემა მინუს 250C გრადუსამდე.

ნუშის ჯიშების უმეტესობა თვითსტერილურია და ჯვარედინ დამტვერიანებას მოითხოვენ. ამიტომ ნუშის პლანტაციის გაშენებისას საჭიროა მეხუთედი ნერგებისა დაირგოს სხვა ჯიშის, როგორც ეს თხილის შემთხვევაში ხდება. სავეგეტაციო პერიოდი 200 დღემდე გრძელდება.

ნუშის თესლნერგები მსხმოიარობაში შედის დარგვიდან 4-5 წელიწადში, ხოლო ნამყენი ნერგები მე-3 წლიდან. 15 წლიანი ნუშის ხე, ნორმალური განვითარების შემთხვევაში შედის სრულმსხმოიარობაში, მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გრძელდება. 30-40 წლის შემდეგ ხეები იწყებენ მოსავლიანობის კლებას და შემდგომი 60 წელი დაბალ მოსავალს იძლევიან. საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში ვხვდებით საუკუნოვან ნუშის ხეებს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://agronews.ge/nushi-_-tsarmoshoba-gavrtseleba-jishebi/
  2. https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/nushi-nushis-movla-moqhvana-da-teqnologiuri-ruka.html